დავით მათიკაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება
,,ამერიკელი კონგრესმენებისგან არაერთი სუბიექტური თუ დაუსაბუთებელი განცხადება მოგვისმენია. მთავარი ის არ არის, მიკერძოებული პირები რას ითხოვენ, მთავარია, რა პოზიცია აქვს ამერიკის ხელისუფლებას”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობები ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. სტრატეგიული ურთიერთობები სწორედ ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს. სხვა დანარჩენი გამოჩნდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა, როჯერ უიკერმა, ჯონ კურტისმა და შელდონ უაითჰაუსმა, ასევე კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და სტივ კოენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ადმინისტრაციას მოუწოდებენ, დაიცვას აშშ-ის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ქართველი ოფიციალური პირების მიერ ანტიამერიკული რიტორიკის შემაშფოთებელი ზრდის ფონზე უსამართლოდ გახდნენ სამიზნეები.
წერილში კანონმდებლები მოუწოდებენ, რომ მდივანმა რუბიომ საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღოს გარანტიები, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საგარეო სამსახურის ყოფილ თანამშრომლებსა და სხვა პერსონალს არ დასწამებენ ცილს და არ გახდებიან სამიზნეები.