საქართველოს ქუვეითელი ბიზნესმენები ეწვივნენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის (KFAED) დელეგაცია ეწვია.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ფონდის რეგიონული მენეჯერი აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებში ვალიდ ალ ბაჰარი და ცენტრალური აზიისა და ევროპის ქვეყნების რეგიონული მენეჯერი იუსუფ ალ ბადერი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ნოდარ ჯავახიშვილს შეხვდნენ.

სტუმრები სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებითა და სამომავლო გეგმებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე ქუვეითელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) არის პირველი ინსტიტუტი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც 1961 წელს დაფუძნდა. მისი მეშვეობით ქუვეითი გასცემს სესხებს შეღავათიანი პირობებით და ეხმარება არაბულ და სხვა განვითარებად ქვეყნებს სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაში. ფონდისთვის პრიორიტეტია სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სოფლის მეურნეობის, საირიგაციო, ენერგეტიკის, სამრეწველო, წყალმომარაგებისა და სხვა სექტორების დაფინანსება. ის დახმარებას უწევს ცენტრალურ და რეგიონულ მთავრობებს, საზოგადოებრივ კომუნალურ და სხვა საჯარო ინსტიტუტებს. ფონდის ფარგლებში, ასევე, ხდება ტექნიკური დახმარების გაწევა პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ხარჯების დასაფინანსებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები