„თუ არ გინდა, კულტურა მოკლა ქვეყანაში, რეგიონები უნდა გააძლიერო…“

„მე მოვესწარი საოცარ პერიოდს – ქართული კულტურის აღზევების ხანას, ეს იყო ჩვენი ოქროს ხანა. საბჭოთა კავშირში იმდენი დამსახურება კულტურაში, რაც ქართველებს ჰქონდათ, არავის არ ჰქონია. ძალიან მინდა ის პერიოდი მოვიდეს ქათულ კულტურაში. ამისთვის, აუცილებელია კულტურის სამინისტრომ მიიღოს გადამწყვეტი ზომები და ეს ტვირთი საკუთარ თავზე აიღოს. ყველაფერი კარგია, ბედნიერი ვიყავი, მარკუს მილერს ცოცხლად რომ მოვუსმინე, ის ჩემი ოცნების მუსიკოსი იყო, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ქართული კულტურის განვითარებაში მეტი თანხა ჩაიდოს…“ – კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

– დაამთავრეთ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი…11287172_852404611475259_1628088253_n
– დიახ, ანდრია ბალანჩივაძის კლასი. სხვათა შორის, ცუდად არა, წითელ დიპლომზე დავამთავრე.
6 წლიდან დავდიოდი მუსიკაზე. მეცხრე კლასში ვიყავი, როცა მარჯვენა ხელი დავიზიანე. ნერვი დაზიანდა და ახლაც მაწუხებს ხოლმე. თავისთავად ჩემგან პიანისტი აღარ გამოვიდოდა. პატარ-პატარა რაღაცებს ვწერდი და მირჩიეს, კონსერვატორიაში ჩამებარებინა. მეც სერიოზულად მივუდექი ამ საკითხს და ვცადე.
თუმცა იყო პერიოდი, როცა არქიტექტურულზე ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებას. ჩემი მეგობრები აბარებდნენ და მეც დავანებე თავი მუსიკას. მაგრამ ორი თვით ადრე ისევ გადავიფიქრე და კონსერვატორიაში ჩავაბარე.
არ დაგიმალავთ, ისე, როგორც ყველა ბავშვს, მეც მეზარებოდა მუსიკაზე სიარული. მთაწმინდაზე იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და ბავშვები ეზოში ბურთს რომ თამაშობდნენ, გული მეც გარეთ მიმიწევდა. მაგრამ მადლობელი და მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომ ძალით მაინც მამეცადინებდნენ. როცა წამოვიზარდე, უკვე თავად მსიამოვნებდა. მხოლოდ ერთი რამ მახსოვს ძალიან მწარედ და გულში ჩამრჩა, ჩემს დროს კვირა დღეს გადიოდა „მულტპანორამა“, რომელსაც ვერასდროს ვერ ვუყურებდი, რადგან მასწავლებელი ჩემი მეზობელი იყო და ზუსტად იმ დროს მინიშნავდა მეცადინეობას.
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფერწერა-გრაფიკის ფაკულტეტი…
– ცოტა უცნაური ამბავია. ჩემი მეგობარი აბარებდა უნივერსიტეტში, მოდელირების ფაკულტეტზე. ძალიან ეშინოდა გამოცდებზე გასვლის და მთხოვა, მასთან ერთად მეც გავსულიყავი. უკვე 30 წლის ვიყავი. შევიტანე საბუთები და ყველა გამოცდა ჩავაბარე. სექტემბერში ზღვაზე წავედი, სახლში კი დედაჩემს ურეკავდნენ ლექტორები, რატომ არ დადის თქვენი შვილი ლექციებზეო. რომ ჩამოვედი და მივედი უნივერსიტეტში, ისეთი კარგი ლექტორები იყვნენ, დავრჩი და სწავლა გავაგრძელე. მაგრამ მეორე კურსზე ვიყავი, ხელოვნების ინსტიტუტის რექტორად დამნიშნეს. იძულებული გავხდი, თავი დამენებებინა, თორემ დავამთავრებდი. მით უმეტეს, რომ ხატვა მიყვარდა და 1992 წელს ჩემი ოთხი ნახატი იტალიაში გაიყიდა. უფრო გრაფიკა მიტაცებდა. მაგრამ მაშინ ფერწერაზეც ვმუშაობდი, კაკაბაძის გავლენას განვიცდიდი.
– დააფუძნეთ ხელოვნების ინსტიტუტი, რომლის ლექტორიც იყავით…11267156_852404608141926_441231505_n
– ხელოვნების ინსტიტუტი მხოლოდ მე არ დამიფუძნებია. ჩემს გვერდით სხვა ადამიანებიც იდგნენ. თუმცა ცოტა გაუგებარი იყო, მე რატომ დამნიშნეს რექტორად, მაგრამ 10 წელი ვიდექი ინსტიტუტის სათავეში და შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, რომ ძალიან კარგი თაობა გამოვუშვით და კარგი საქმე გავაკეთეთ. კარგი ლექტორები გვყავდა და ბევრი ისეთი ფაკულტეტი დავაარსეთ, რომლებიც მაშინ საქართველოში არ იყო. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო ინსტიტუტი დაიშალა. ლიცენზიასთან დაკავშირებით კანონი მიიღეს, რომ ფართი უნდა გქონოდა, თუ არ ვცდები სამი კვადრატული ერთ სტუდენტზე. ჩვენ ვერ მოვახერხეთ შენობის შესყიდვა. ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, სტუდენტებისთვის კარგად გვესწავლებინა და, აქედან გამომდინარე, ლექტორებსაც მაღალი ხელფასი ჰქონოდათ. ახლა ისევ გვქონდა ლაპარაკი ინსტიტუტის აღდგენაზე, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რა იქნება.
– მუსიკალური სააგენტო „ანშლაგი“, ფესტივალი „ოქროს დისკი“ და ჟურნალი „ანშლაგი“…
– იყო ეს პერიოდიც, 2005 წელს. ჟურნალი, ფაქტობრივად, ფესტივალ „ოქროს დისკს“ მოჰყვა. ფესტივალმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ბევრი, დაახლოებით 400-მდე ბავშვი მოვიდა, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ჩავთვალეთ, რომ, როცა ამხელა ფესტივალს ატარებ, გული არავის არ უნდა დაწყვიტო და დავაარსეთ ჟურნალი, რომელშიც წახალისების მიზნით, ყველა ბავშვის ფოტო და ინფორმაცია იბეჭდებოდა.
ეს იყო, საესტრადო მუსიკის ფესტივალი. საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს, ვერც იარსებებს და ამ სიტყვას არც ვხმარობ. სამ მილიონნახევრიან ქვეყანაში, ყველაზე დიდი დარბაზი 2-ათასკაციანი რომ გაქვს, რომელ შოუბიზნესზეა ლაპარაკი. ფესტივალს ძალიან მკაცრი პირობებით ვატარებდით. ყოველ ტურზე სხვადასხვა ჟიური იჯდა. ჩაწყობა გამორიცხული იყო. პირველი ჩვენი გამარჯვებული 2005 წელს სოფო ბედია იყო. დღესასწაული გამოვიდა, იმდენი კარგი მომღერალი მოვიდა. მეორე ფესტივალის გამარჯვებული, ძალიან კარგი მომღერალი ქეთი კვიცარიძეა. არც ისე, დიდი ხნის წინ მიშა ზაქარეიშვილი შემხვდა და მთხოვა ფესტივალის აღდგენა, რადგან არიან პედაგოგები, რომლებსაც ძალიან კარგი მოსწავლეები ჰყავთ, მაგრამ არ იციან, სად გამოიყვანონ. არადა, კონკურსი კარგია, ბავშვი სცენას, პუბლიკას ეჩვევა.11258575_852404594808594_1451674909_n
იცით, როგორც სპორტსმენს სჭირდება პარტნიორი, რადგან ისე ვერ გაიზრდება და, რაც უფრო ძლიერია პარტნიორი, მით უფრო ძლიერი ხდება სპორტსმენი, ასეა ხელოვნებაშიც. მხოლოდ დასაბუთებული და ჯანმრთელი კრიტიკით იზრდება ხელოვანი. ახლა, მხოლოდ ერთმანეთის ქება-დიდებაში არიან და სჯერათ ამის. ბოლოსდაბოლოს ფიროსმანს სულ ლანძღავდნენ და ვხედავთ, როგორი მხატვარი იყო. ბევრი მხატვარი ვიცით, ვინც სულ ქება-დიდებაშია, მაგრამ მათ ნახატებს მხოლოდ სახლში ახლობლები თუ დაიკიდებენ. გადაეჩვია ხალხი კრიტიკას, რაც ვფიქრობ, ქართული ხელოვნებისთვის დამღუპველია. მახსოვს, სტუდენტობის პერიოდში, წლის ბოლოს ერთმანეთის ნაწარმოებებს ვუსმენდით და ველდებოდი, რა შენიშვნას მომცემდნენ, რომ ის შემდეგ გამომესწორებინა. დღეს გაოცებული ვარ, რამხელა ამბიციები აქვთ. ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ დაიღუპება ეს ქვეყანა.
მაგისტრის წოდება მუსიკის დარგში…
– ჩემი მეგობრები 90-იან წლებში წავიდნენ გერმანიაში, დარჩნენ და იქ ცხოვრობენ. შესანიშნავი მუსიკოსები არიან. ხშირად მიგზავნიდნენ ვიზას და წელიწადში ორჯერ ჩავდიოდი. მიშა სააკაშვილს მე არ ვუყვარდი, ჩემზე თქვა, „ჩარეცხილიო“ და არ მახარებდნენ. ამიტომ, 2007 წელს გადავწყვიტე გერმანიაში წასვლა. ჩავიტანე ჩემი საბუთები, გადახედეს და ერთ დღეს მითხრეს, თქვენი CV-ის და დიპლომის მიხედვით თქვენ მაგისტრის წოდება გენიჭებათ. პირდაპირ გეტყვით, ძალიან გამიხარდა. მითუმეტეს, როცა შენს ქვეყანაში შენს შრომას, დამსახურებას აღარ აფასებენ, უცებ ჩადიხარ სხვა ქვეყანაში, არავის არ იცნობ, არ გიცნობენ და მაგისტრის წოდებას განიჭებენ. ჩემი ყველაზე დიდი გაოცება იმან გამოიწვია, რომ ქალაქის ბურგომისტრმა მოიწერა, ჩვენ ეს ადამიანი გერმანიაში გვჭირდება, გთხოვთ დააკმაყოფილოთ მოთხოვნა და გამოუშვათო. მაგრამ ჩემი საბუთები გაქრა. დღესაც არ ვიცი, სად არის.
– თქვენ იყავით კულტურის მინისტრის მოადგილე…11198402_852404601475260_479260938_n
– მოგეხსენებათ, სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობას კიდევ სხვა გამოცდილება სჭირდება. 1995 წელს მე ვმუშაობდი მერიის კულტურის სამსახურში, რომელიც საკმაოდ ძლიერი ორგანიზაცია იყო და, სადაც მართლა ძალიან კარგი სკოლა გავიარე. მაშინაც მინდოდა ბევრი ახალი, კარგი რაღაცის გაკეთება. ბევრი რამ იყო შესაცვლელი. კულტურის მუშაკები მიდიოდნენ და ქვეყანა იცლებოდა. მაგრამ არ გამოვიდა. კულტურის სამინისტროში რომ მივედი, პირველ რიგში, ამ გეგმების განხორციელება დავიწყე. მე მებარა რეგიონები, რეგიონალური სამსახურები და ღონისძიებები. მოვიარე მთელი საქართველო და გეტყვით, რომ ქართული კულტურა მოკვდება, თუ რეგიონებს არ მიხედეს.
ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ, სამოყვარულო თეატრების ფესტივალიც კი ჩატარდა, ჩამოყალიბდა კინოკლუბები და მათ შორის 95 სახელოვნებო სკოლა გავხსენით, რადგან 2005 წელს ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს. მუნიციპალიტეტებს გადაეცათ სახელოვნებო სკოლები და საქართველოში ტექნიკუმების მოსპობა დაიწყო. რასაც იმით ამართლებდნენ, რომ ბოლონიის პროცესს არ ერგებაო. მშვენივრად ერგება და ვისთანაც საჭიროა, ვისაც უნდა დებატებში დავუჯდები და დავუმტკიცებ.
კონსერვატორიადამთავრებული რომ რაიონში არ წავა პედაგოგად, ესეც ვიცით. არადა, პედაგოგად მოღვაწეობის უფლება, კონსერვატორიადამთავრებულების გარდა, არავის არ აქვს. ამიტომ ეს ტექნიკუმები აუცილებელი იყო, იმდენად, რამდენადაც რეგიონებიდან ჩამოვიდოდნენ, ისწავლიდნენ და დაბრუნდებოდნენ.
საშუალო სკოლაში ბავშვებს აქვთ მუსიკის გაკვეთილები, მაგრამ ვინ ასწავლის, ვერ გაიგებ. რაც მე გამოვიკითხე და გავიგე 20-25 პროცენტია მუსიკოსი, დანარჩენები – ზოგი ფიზკულტურის მასწავლებელია, ზოგი – ბიოლოოგის ა.შ. ამასთან, რეგიონებში 220 სახელოვნებო მხოლოდ მუსიკალური სკოლა არსებობს. საქმე კი ისაა, რომ დიპლომი არ გაიცემა. მხოლოდ რაღაც ფარატინა ქაღალადი გამგებლის ხელმოწერილი, რომელსაც არანაირი ძალა არ გააჩნია.11256402_852404588141928_439499191_n
ჩვენ შევქმენით სპეციალური შვიდწლედის პროგრამები, მიუხედავად იმისა, რომ სახელოვნებო სკოლები ეკუთვნის და ექვემდებარება მუნიციპალიტეტს და ვინც დაამთავრებდა, კულტურის სამინისტრო გასცემდა დიპლომს. აქ იყო, როგორც მუსიკალური, ისე სამხატვრო სკოლები. კონსერვატორიის, აკადემიის, პროფესორები ჩავრთეთ და შევქმენით სპეციალური პროგრამები. გავაკეთეთ აღჭურვა ნოტებით, ჩადიოდნენ კონსერვატორიის პროფესორები და პედაგოგებს უტარებდნენ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. 104 კონცერტი ჩაატარეს სხვადასხვა კოლექტივებმა. ბავშვების რაოდენობამ იმატა სახელოვნებო სკოლებში და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან რეგიონებში. წელს უნდა გვენახა შედეგი.
რაც შეეხება ღონისძიებებს, კაპიტალისტურ წყობილებაში უნდათ იცხოვრონ, მაგრამ მენტალობით ისევ სოციალიზმში არიან. საერთოდ, ესტრადას, რასაც შოუბიზნესს ეძახიან, სახელმწიფო არცერთ ქვეყანაში არ აფინანსსებს. თუ კარგი მომღერალი ხარ, კონცერტს დაგეგმავ, ხალხი მოვა, ბილეთს იყიდის და შენს საზღაურს აიღებ. კულტურის სამინისტროში მოდიოდნენ და ითხოვდნენ ყველაფერს, დარბაზის დაქირავებას, აპარატურას და ა.შ. კულტურის სამინისტრო ამ მხრივ უკვე გადაიქცა საბჭოთა გადმონაშთად, ე.წ. სობესად. თუ უარს ეტყოდი, წარმოუდგენელი ამბავი ტრიალებდა. თუ ხალხს არ უნდიხარ, სამინისტროს ბიუჯეტის გაცემის უფლება არ აქვს. ეს ხალხის ფულია. წინა ხელისუფლების დროს კულტურის სამინისტრომ საესტრადო კონცერტებისთვის უამრავი თანხა გახარჯა. საშინელი ციფრია. მე შევიტანე წინადადება აღგვედგინა ფილარმონიული საზოგადოება. პირველ ეტაპზე კულტურის სამინისტრო მისცემდა გარკვეულ თანხას, მერე უკვე ესტრადის მომღერლები, ვინც გაწევრიანდებოდნენ, დაგეგმავდნენ კონცერტებს, თანხის გარკვეულს პროცენტს შეიტანდნენ ფილარმონიის საზოგადოებაში და ეს თანხა იტრიალებდა. ეს იქნებოდა ესტრადისთვის ყველაზე დიდი დახმარება.
– არაერთი სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმეთ…
– პირველ კურსზე ვიყავი, რეჟისორი ნუკრი ქანთარია რომ გავიცანი. არ მახსოვს, ვინ, მაგრამ მითხრეს, სპექტაკლის დადგმა უნდა და მუსიკას თუ დაწერო. შევხვდი ნუკრი ქანთარიას და გურამ დოჩანაშვილის „თავფარავნელ ჭაბუკზე“ დავიწყეთ მუშაობა. სანაპიროზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია რომ არის, მაშინ თეატრი იყო. იქ დავდგით სპექტაკლი. ახლა კი ვინანიებთ მეც და ნუკრიც, მაგრამ რას ვიზამდით, მაშინ კომუნისტების პერიოდი იყო. იცით, თეატრი ისეთი რამ არის, მოიწამლები ხოლმე. სიმართლე გითხრათ, იმის იქით აღარც მიფიქრია, რომ კლასიკის კუთხით კიდევ გამეგრძელებინა მუშაობა, თუ რამე დაკვეთა არ იქნებოდა. ამიტომ, მერე იყო თელავის, ახმეტელის სახელობის, ცხინვალის, მოზარდმაყურებელთა თეატრები. სპექტაკლიდან სპექტაკლამდე ვცხოვრობდი. მერე აირია ქვეყანაში ყველაფერი და ბოლო სპექტაკლი ნუკრი ქანთარიას „ლაბირინთი“ იყო, რომელზეც ვიმუშავე.
– საყვარელი ნაწარმოები…11245279_852404598141927_1541719435_n
– არ მაქვს ასეთი. მე ვთვლი, თუ რომელიმე ნაწარმოები შეგიყვარდა და ხიბლში ჩავარდი, ვერ გაიზრდები როგორც შემოქმედი. ბოლო ნოტს და აკორდს რომ დაწერ, აუცილებლად უნდა გახდე საკუთარი თავის და ნაწარმოების კრიტიკოსი. ჩემი საყვარელი ნაწარმოები ის არის, რაც მე ჯერ ყურში მესმის, გულში მაქვს და ნოტებზე არ გადამიტანია.
– დრო…
– იყო პერიოდი, როცა სამ ადგილას ვმუშაობდი. რაც უფრო დაკავებული ხარ, უფრო მობილიზირებული ხარ, უფრო მეტი დრო გაქვს. ზოდიაქოს ნიშნით თხის რქა და ხარი ვარ. ეტყობა ეს სიჯიუტეა ჩემში, რომ სულ უნდა გავთვალო, განვსაზღვრო, რა დროს რა გავაკეთო. მაგრამ თუ ბუნებაში არ გავედი და არ დავისვენე, არაფერი გამოვა. ძალიან მიყვარს ბუნება. ნაწარმოებზე მუშაობა ყველაზე კარგი მანქანაშია. მხოლოდ მუსიკა გესმის და არავინ არ გაწყვეტინებს ფიქრს.
თავისუფალი დრო არასდროს არ მაქვს, მუდმივად რაღაც უნდა ვაკეთო. ვერასდროს ვერ ვიტანდი შაბათ-კვირას, რომ უნდა დამესვენა. ამოვვარდებოდი ხოლმე კალაპოტიდან, თან იმ ქვეყნად ყველა დავისვენებთ. ამიტომ, სულ ვნახულობდი საქმეს, მიყვარს რაღაცების კეთება სახლში და ყველაფერი გამომდის ცოტ-ცოტა. მიყვარს ბუხრების გაკეთება, კარგად გამომდის და ბევრს გავუკეთე. მიყვარს თევზაობა, ნადირობა.
– ბაგრატიონ-გრუზინსკი…
– 1999 წლამდე გრუზინსკებად ვეწერეთ. იცით, როგორი რთული ცხოვრება ჰქონდათ ბებიას და ბაბუას. კარგად მახსოვს, ცხოვრების აზრზე რომ მოვედი და სკოლაში წავედი, ბებიაჩემმა მითხრა, ნუ იტყვი, რომ ბაგრატიონი ხარო. გარკვეული შიში ჰქონდათ გამოყოლილი. სულ ვფიქრობდი, რა საშიში გვარი გვქონია.
კურიოზები ბევრი იყო. კონსერვატორიაში ვსწავლობდი და, როგორც კარგი სტუდენტი, ერთ-ერთ ორგანიზაციაში გამაგზავნეს. მივედი, გავესაუბრე და გვარი რომ გაიგეს, კონსერვატორიაში დარეკეს, ამხელა კონსერვატორიაში ერთი ქართველი ვერ ნახეთ, გრუზინსკი რომ გამოგვიგზავნეთო…
საერთოდ, ბაბუაჩემი ერიდებოდა მის გვარზე და წარმომავლობაზე ლაპარაკს. ასეთი კაცი იყო. მეც უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები. ზედმეტი ყურადღება კარგია, როცა რაღაცას შენი შრომით მიაღწევ და არა ღმერთისგან ბოძებულით იტრაბახებ.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები