დავით უსუფაშვილმა ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია მიიღო

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ატლანტიკური საბჭოს დელეგაცია მიიღო.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი, კერძოდ, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, საქართველოს და, ზოგადად, რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები და სამომავლო მოლოდინები, ასევე ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტები, უკრაინის კრიზისი და რუსეთთან არსებული ურთიერთობები განიხილეს.

როგორც უცხოელმა სტუმრებმა აღნიშნეს, ატლანტიკურ საბჭოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე პოზიტიური მიდგომები აქვს. თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ატლანტიკური საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშები და მოსაზრებები ქვეყნის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს და შესაბამისად, აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და პარტნიორობა საქართველოსთვის საინტერესო ფორუმია, რასაც არაერთი მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაც მოწმობს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკური საბჭოს წევრები ქვეყნის აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები