ფიქრია ჩიხრაძე კარასინის განცხადებას გამოეხმაურა

„კარასინის განცხადება, ალბათ, უფრო ჟურნალისტის შეკითხვის გამოძახილია, ვიდრე რაიმე ოფიციალური განაცხადი, იმის შესახებ, რომ აბაშიძე – კარასინი რუსეთ- საქართველოს შორის უმაღლესი პირების შეხვედრას ამზადებენ“, – აღნიშნული განცხადება პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ჩიხრაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა და მასთან ერთად შეიცვალა არა მარტო რიტორიკა, არამედ ბევრი დათმობაც განხორციელდა რუსეთის მიმართ, მიუხედავად ამისა, პუტინის რეჟიმს საქართველოსკენ არცერთი პოზიტიური ნაბიჯი არ გადმოუდგამს. მისი განცხადებით, რუსეთი მზადაა, საქართველოს ესაუბროს ყველა საკითხზე, თუკი საქართველო საუბრისას ოკუპაციის საკითხს არ წამოწევს წინ. ჩიხრაძის თქმით, შეხვედრის შემთხვევაშიც კი საქართველოს ხელისუფლებამ დღეს არ იცის, რა უნდა შევთავაზოთ რუსეთს და რა უნდა მოვითხოვოთ რუსეთისგან.
„რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა ტიპის ქმედებებს განახორციელებს ესა თუ ის ქვეყანა, რუსეთისთვის მნიშვნელობა აქვს, რომ მისი იმპერიული ამბიციები და ზრახვები იყოს რეალიზებული. რუსეთი მზადაა, ყველაფერზე ელაპარაკოს საქართველოს, ოკუპაციის გარდა. ჩვენ ტერიტორიებს რუსეთის მეშვეობით ვერასდროს დავიბრუნებთ, რადგან რუსეთის პოლიტიკა არის, „დაყავი და იბატონე“-ს პოლიტიკა. ჩვენ, უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება ევრაზიულ კავშირში შესვლა შემოგვთავაზონ, ისევე, როგორც ეს შეიძლება მათგან დამოუკიდებლად აღიარებულ სუბიექტს – აფხაზეთს და ცხინვალს შესთავაზონ. ამის მერე კი მოგვცენ იმედი, რომ ოდესღაც ამ კავშირის ფარგლებში რუსეთის შუამავლობით ჩვენ შეიძლება აფხაზებთან და ოსებთან მოვილაპარაკოთ და რუსებმა ამაში პოზიტიური როლი ითამაშონ. ასეთ გაუგებარ სიტუაციაში, გნებავთ, პრემიერი წავიდეს, გნებავთ, პრეზიდენტი და, გნებავთ, სხვა თანამდებობის პირი წავიდეს რუსეთში სალაპარაკოდ, ვიცით კი ჩვენ, რა თემაზე ველაპარაკებით? რა ჩამოყალიბებული დოკუმენტით ან რა ჩამოყალიბებული პოზიციით მიდის საქართველო შეხვედრაზე? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა უნდა შევთავაზოთ რუსეთს და რა უნდა მოვითხოვოთ რუსეთისგან. ამის შესახებ სერიოზული დისკუსია, თუნდაც, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის არ გამართულა“,- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები