დავით უსუფაშვილმა ხიდაშელსა და აგულაშვილს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ყოფილ დეპუტატებს თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს აქტიური საპარლამენტო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
განცხადება საკანონმდებლო ორგანოს პირველმა პირმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, ხიდაშელისა და აგულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ გააკეთა.
„ვემშვიდობებით ჩვენს ორ აქტიურ წევრს. დიდი მადლობა მათ პარლამენტში აქტიური საქმიანობისთვის ამ 2.5 წლის განმავლობაში და წარმატებებით ვუსურვოთ სხვა საქმიანობაში. თქვენ რჩებით გუნდის წევრებად“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილ კოლეგებს.
უფლებამოსილების შეწყვეტას 105-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ იხუმრა, რომ ეს ხმა მას არ ეკუთვნის.
დეპუტატებმა თინა ხიდაშელი და გიგილა აგულაშვილი ტაშით გააცილეს.
პრემიერ-მინისტრმა თინა ხიდაშელი თავდაცვის, გიგლა აგულაშვილი კი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა, შესაბამისად, მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები