თინა ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმის სწრაფად გამოძიებას მოითხოვს

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამართალდამცავებს მიმართავს, რომ ე.წ. კაბელების საქმის გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ.
აღნიშნულის თაობაზე ხიდაშელმა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას კომენტართან დაკავშირებით განაცხადა. მისივე განცხადებით, ის ე.წ. კაბელების საქმეზე არც არაფერს გეგმავს და ვერც ვერაფერს დაგეგმავს.
„ირაკლი ალასანიას ამ განცხადებაში ახალი რა არის? ე.წ. კაბელების საქმეზე არაფერს არ ვგეგმავ და ვერც ვერაფერს დავგეგმავ, რადგან საქმე პროკურატურასა და სასამართლოშია. სამართალდამცავებს მივმართავ, რომ ამ საქმის გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ, რათა ჯარის გარშემო ამ ტიპის აჟიოტაჟი სწრაფად დასრულდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ იმ საქართველოში დავრუნდეთ, სადაც თავდაცვის მინისტრები, ან სხვა რომელიმე მინისტრი სისხლის სამართლის რომელიმე საქმეზე რამეს გეგმავდნენ. ეს პერიოდი 1-ელ ოქტომბერს დასრულდა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, ე.წ. კაბელები პოლიტიკური თემაა, რომელშიც ჩართულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები