თენგიზ ფხალაძე: რიგის სამიტის დეკლარაციაში ცვლილებების შესატანად დრო ჯერ კიდევ არის

რიგის სამიტის სასურველი შედეგი ჩვენთვის უნდა იყოს ის, რომ საქართველოს პროგრესი შეფასდეს, დაფასდეს და საქართველომ მიიღოს ის იმპულსი, რომელიც ხელს შეუწყობს მის შემდგომ ინტეგრაციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, საერთაშორისო ასპარეზზე ძალისხმევა სწორედ იმიტომ იზრდება, რომ ის, რაც არ მოგვწონს რიგის სამიტის დეკლარაციის სამუშაო ვერსიაში, შეიცვალოს. ფხალაძემ ასევე, დაადასტურა, რომ ქართულ მხარეს ნამდვილად გადმოეგზავნა დოკუმენტის Draft-ი, მაგრამ ის, რაც გამოქვეყნდა პრესაში, სერიოზულად განსხვავდება იმისგან, რაც გამოიგზავნა. “ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ვერსია გავრცელდა და ზოგიერთი ვერსია რეალურად განსხვავდება. ჩვენ დღევანდელ დღეს ვსაუბრობთ, რომ არსებობს რაღაც ტიპის Draft-ი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო დოკუმენტი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გაიზარდა აქტივობა და იზრდება ძალისხმევა, იზრდება სწორედ იმიტომ რომ ის, რაც არ მოგვწონს ამ Draft-ში, შეიცვალოს და მიუახლოვდეს იმას, რაც ჩვენ გვინდა. ასე, რომ ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, რიგის სამიტამდე დრო არის. რიგის სამიტის სასურველი შედეგი ჩვენთვის უნდა იყოს ის, რომ საქართველოს პროგრესი შეფასდეს, დაფასდეს და საქართველომ მიიღოს ის იმპულსი, რომელიც ხელს შეუწყობს მის შემდგომ ინტეგრაციას. რა სიტყვებით იქნება ეს ნათქვამი და ჩაწერილი დეკლარაციაში, ამაზე ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად იქნება დაახლოებული იმასთან, რასაც რეალურად იმსახურებს საქართველო”, – განაცხადა ფხალაძემ. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი რიგაში 21-22 მაისს გაიმართება. მანამდე კი უცხოურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია სამიტის დეკლარაციის პროექტის შესახებ, რომელშიც საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებაზე საუბარი არ არის და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას არც ევროპულ პერსპექტივის აღიარებას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები