მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი „პანორამა თბილისი“ 6 000 მოქალაქეს დაასაქმებს

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, რიმა ბერაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თანაინვესტირების პროექტის „პანორამა თბილისის“ შესახებ ისაუბრა. ბერაძის განცხადებით, ეს არის პროექტი, რომელიც არათუ თბილისისთვის, არამედ ზოგადად რეგიონისთვის იქნება მნიშვნელოვანი.
პროქტზე ერთი მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, თუმცა, საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, არც ერთი თეთრი ბიუჯეტიდან არ გადაირიცხება. პროექტი საბაგიროს და დაწოლილი ლიფტების საშუალებით ქალაქის ისტორიულ და ცენტრალურ უბნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
„პროექტის ღირებულება ერთი მილიარდი ლარია, თუმცა ერთი თეთრიც კი ამ ბიუჯეტის დასაფინასებლად, ბიუჯეტიდან არ წამოვა. ეს არის პროექტი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ და ისტორიულ უბნებს დააკავშირებს. ეს დაკავშირება საბაგირო გზებით და დაწოლილი ლიფტებით მოხდება. პროექტი ყოფილი ცეკავშირის შენობიდან სოლოლაკის ქედამდე განხორციელდება. პროექტი 4 ნაწილისგან შედგება. სოლოლაკის ბაღები, სოლოლაკის მთები, ერეკლეს მოედანი და თავისუფლების მოედანი. ცეკავშირის შენობის ადგილას 241-ადგილიანი, 7- ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება, საიდანაც საბაგირო გზით მოხდება დაკავშირება სოლოლაკის მთებამდე.
ოპონენტების მთავარი ბრალდება იყო ის, რომ ჩვენ ისტორიულ ნაწილს ვეხებოდით, მაგრამ ამ პროექტში ჩართულები არიან მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის არქიტექტორები, თავად პროექტი კი საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა შეადგინა. არქიტექტორები ამბობენ, რომ ამ პროექტში ძველსა და ახალს შორის შესანიშნავი თანხვედრაა“,- აღნიშნა რიმა ბერაძემ. საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია მოქალაქეთა დასაქმების კუთხითაც.
მისი მშენებლობის დროს 6, ხოლო დასრულების შემდეგ 2 ათასი ადამიანი დასაქმდება. პროექტის ავტორებმა ქალაქში არსებული პარკინგის პრობლემებიც გაითვალისწინეს, „პანორამა თბილისის“ ფარგლებში, 1800 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომი აშენდება. „მშენებლობის პროცესში პროექტის ფარგლებში 6 ათასი ადამიანი, ხოლო დასრულების შემდეგ მუდმივ სამუშაო ადგილებზე 2 ათასი ადამიანი დასაქმდება, სადაც ხელფასის სახით 150 მილიონი ლარი გაიცემა.
აქ იქნება ევროპაში ყველაზე დიდი – ათასკაციანი დარბაზი. იქნება 1800 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა სადგომები. ეს იქნება კავკასიის რეგიონში ბოლო პერიოდის მანძილზე ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი პროექტი. აქ იქნება დარბაზები სპორტის ყველა სახეობისთვის, ღია და დახურული აუზები, პროექტის ხელმძღვანელობას გათვალისწინებული აქვს, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე და ასე შემდეგ გარკვეული შეღავათები დაწესდეს. იქნება ბევრი საგანმანათლებლო დარბაზი და ყველა ტიპის კულტურული დაწესებულება. ამ პროექტის განხორციელების ბოლოს განაშენიანება მოხდება და 30 000 მარად მწვანე ხე დაირგვება. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი და თანამედროვე პროექტი“,- აღნიშნა რიმა ბერაძემ. საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, პროექტი უკვე დასრულების სტადიაზეა.
მისი განმარტებით, მასში აისახება მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გამოთქმული ობიექტური შენიშვნები და მალე მისი მშენებლობაც დაიწყება. პროექტი, სავარაუდოდ, დაწყებიდან 1,5 წელიწადში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები