ალასანია: მთავრობის ყველა მხარდამჭერი იმ უმოქმედობაზე აიღებს პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყანაშია

ვინც მთავრობას მხარს დაუჭერს, ის იმ უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას აიღებს, რომელიც ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა“, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მან განმარტა, კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა არ არსებობს, რომლის განხორციელებაც ეკონომიკას გაამყარებს. იგი მიიჩნევს, რომ პარლამენტში ჩატარებულმა განხილვებმა საზოგადოებას სამწუხარო რეალობა კიდევ ერთხელ დაანახვა.
„მთავრობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის არანაირი კონკრეტული ხედვა არ აქვს. კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა არ არსებობს, რომლის განხორციელებაც ეკონომიკას გაამყარებს. მოსახლეობა ყოველდღიურად ღატაკდება და მათ მთავრობა რაიმე ელემენტარულ გარანტიას არ აძლევს, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ბუნებრივია, ეს ამ ხელისუფლების მიმართ უიმედობას უფრო მეტად ამყარებს. ვინც მთავრობას მხარს დაუჭერს, ის იმ უმოქმედობაზე პასუხისმგებლობას აიღებს, რომელიც ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ შემოგვთავაზა“, – განაცხადა ალასანიამ.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ. დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააცნობს, რის შემდეგაც პოლიტიკური დებატები გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები