საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირსა და ნატოში სამუშაო შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში 11-12 მაისს სამუშაო ვიზიტს გამართავს. გიორგი მარგველაშვილი შეხვდება ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის, ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანსს.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტთან. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაზე და ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში. ევროკავშირის გარდა, გიორგი მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბბინაში, გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია ბელგიის მეფე ფილიპთანაც.
როგორც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რიგის სამიტამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება და აქტიურდება ნაბიჯები, რომელსაც საქართველო საერთაშორისო არენაზე დგამს. მისი განმარტებით, პრეზიდენტის ვიზიტიც საქართველოს ევროპულ, დასავლურ ინტეგრაციას ემსახურება. „საკმაოდ სერიოზული პროგრესი გვაქვს იმ საშინაო დავალებების შესრულების მხრივ, რომლებიც შესასრულებელია და ამაზე რამდენიმე დღის წინ ღიად საუბრობდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენ გვაქვს იმის იმედი, დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები იმაში, რომ რეფორმების ციკლი ამით კი არ მთავრდება საქართველოში, არამედ ამას სჭირდება მეტი წახალისება რაც ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებში უნდა გამოიხატოს, რასაც ჩვენ ველოდებით რიგის სამიტიდან და გვაქვს იმის იმედი, რომ რიგის სამიტი გახდება ახალი იმპულსის მიმცემი სწორედ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის“, – განაცხადა ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები