“ჩვენ უნდა გავმიჯნოთ დანაშაულის დამგეგმავის, ბრძანების გამცემის და შემსრულებლის გამოვლენა”

არსებობს შესაბამისი ორგანოები, ეს მათი პრეროგატივაა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “თავისუფალი დემოკრატის” წევრის გია ცაგარეიშვილის კითხვას სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით. მისივე კითხვის საპასუხოდ ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 7 ნოემბრის საქმე გამოძიებულია.
“თქვენ რომ ეს საკითხები დაგეყენებინათ უფრო აქტიურად და ხმამაღლა მაშინ, როცა იყავით კოალიციის წევრი, აღარ მოგიწევდათ ამ საკითხის ხელახლა დასმა დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ, თქვენ დასვით შეკითხვა და თქვით, რომ თითქოს 7 ნოემბრის საქმე არ იყო გამოძიებული, რაც არასწორია. 7 ნოემბრის საქმე არის გამოძიებული და ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემული მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და ა.შ. ეს საქმე არის სრულად გამოძიებული, „ტელეიმედის“ და ჟურნალისტების დარბევის ჩათვლით.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დაქირავებულმა, ძალიან მაღალი დონის და კვალიფიკაციის მქონე უცხოელმა ექსპერტებმა დადეს დადებითი დასკვნა ამ საქმესტან მიმართებაში.
ჩვენ საკითხი უნდა დავსვათ ასე – ჩვენ თუ გვსურს ძლიერი სახელმწიფოს აშენება, ჩვენ უნდა გვეყოს გამბედაობა და გავმიჯნოთ დანაშაულის დამგეგმავის, ბრძანების გამცემის და შემსრულებლის გამოვლენა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები