“ჩვენი მთავრობა არასოდეს შეეგუება კორუფციული სქემების არსებობას რომელიმე სამინისტროში”

ჩვენი მთავრობა არასოდეს შეეგუება, რაღაც ბუნდოვანი, კორუფციული სქემების არსებობას რომელიმე სამინისტროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნინო გოგუაძემ სამინისტროებში კორუფციული სქემების არსებობასთან დაკავშირებით დასვა კითხვა. პრემიერმა განაცხადა, რომ კონკრეტული ძალები მისი და მთავრობის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევიან. პრემიერის თქმით, მოსახლეობა მალე გაიგებს, ვისი მხრიდან იყო აგორებული ეს კამპანია.
“ყველამ კარგად იცით, ის ბინძური, ცილისმწამებლური კამპანია, რომელიც ააგორეს მთავრობის წევრების მისამართით. ეს იყო კარგად მოფიქრებული, დაგეგმილი პროვოკაცია. ჩვენი მთავრობა არასოდეს შეეგუება, რაღაც ბუნდოვანი, კორუფციული სქემების არსებობას რომელიმე სამინისტროში. ეს არის ჩვეულებრივი ცილისწამება და ამას მალე მოსახლეობაც გაიგებს, თუ ვისგან იყო ეს აგორებული ჩემს და ზოგადად, მთავრობის წინააღმდეგ.
დაგეგმილი იყო მომხდარიყო დისკრედიტაცია, მთავრობის და მთავრობის წევრების. ჩვენ ეს არ გვიკვირს, ჩვენ პოლიტიკაში ვართ. არ შეიძება ასე ხელაღებით ადამიანს დააბრალო, ათასი ცილისწამება, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. თუ ოდესღაც, რომელიმე ადამიანი რაიმე დანაშაულს ჩაიდენს და თუ ეს მას დაუმტკიცდება, ჩვენ არ ვაპირებთ ვიყოთ შემწყნარებლები ასეთი ადამიანების მიმართ. ჩემი შვილი რომ იყოს დამნაშავე, ის უნდა იყოს პასუხისმგებელი. მინდა გითხრათ, რომ კონკრეტულად ერთ-ერთი ჩემი ახლობლის გვარიც ახსენეს. ყველა ზღვარს გადასცდა ის ცილისწამების კამპანია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და არამარტო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა წამოიწყეს ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და ზოგადად ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ. ამ ადამიანმა სპეკლულაციების და ბრალდებებს ერთხელ და სამუდამოდ დასასრულებლად მიმართა პროკურატურას, რომ გამოიძიონ თითოეული ბრალდება და პროკურატურამ გასცეს პასუხი. საჯაროდ ვამბობ, ყველა დამნაშავე უნდა იყოს დასჯილი კანონის სრული სიმკაცით, ვინც არ უნდა იყოს ის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები