პრემიერ-მინისტრი მთავრობის პირველივე სხდომაზე საწვავის ფასებთან დაკავშირებით ანგარიშს მოისმენს

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან კონკურენციის სააგენტოს საწვავის ფასებთან არსებული სრული სურათის წარდგენა დაავალა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა, საწვავის ფასებთან დაკავშირებით დეპუტატ გია ცაგარეიშვილის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა,  კომპანიების განმარტებების მიუხედავად, აღნიშნული საკითხი არ ამოწურულა და საზოგადოებამ დასაბუთებული პასუხები უნდა მიიღოს.
“მე გამოვხატე აღფოთება, რომ საწვავის ფასების კლება, მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან მიმართებით ადეკვატური არ იყო. ეს ღიად ვთქვი და ანტიმონოპოლიური სამსახური ამ საკითხს სწავლობს. 40-50 თეთრით მოხდა საწვავის ფასის კლება და შემდეგ უკვე ლარის გაუფასურების გამო, კომპანიებმა განმარტეს, რომ იძულებულები გახდნენ საწვავის ფასი გაეზარდათ 5 თეთრით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს საკითხი ჯერ არ ამოწურულა. საზოგადოებას და მე, ზოგადად ჩვენ ყველას გვჭირდება უფრო მეტი დასაბუთება საწვავის იმპორტიორი კომპანიებისგან, თუ რატომ ხდება საწვავის ფასის ზრდა. მიმდინარეობს საფუძვლიანი შესწავლა. სამწუხაროდ, ორ-სამ დღეში ან ერთ-ორ თვეში ამის შესწავლა ვერ მოხერხდებოდა, რადგან მათ სრული სურათის წარმოდგენა დაევალათ. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო კომპანიებს, რომ იყოს უფრო მეტი სიცხადე, უფრო მეტად განმარტონ რატომ ხდება საწვავის ფასების ზრდა. პირობას გაძლევთ მე ამ საკითხს რა თქმა უნდა, მივუბრუნდები და პირველივე მთავრობის სხდომაზე კონკურენციის სააგენტოსგან მოვისმენ ანგარიშს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები