ირაკლი ღარიბაშვილი: ბუნებრივია, მთავრობაში მინისტრები სამუდამოდ ვერ დარჩებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობაში განხორციელებულ ცვილებებთან დაკავშირებით სკანდალური არაფერია. ამის შესახებ პრემიერმა “თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი ჩიქოვანი დაინტერესდა, მაშინ როცა პრემიერი აცხადებდა, რომ მხოლოდ ორი მინისტრის შეცვლას გეგმავდა, რის საფუძველზე გადაწყდა თავდაცვის მინისტრის შეცვლა და აღნიშნულ პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშვნა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობაში ცვლილებების განხორციელება დემოკრატიული პროცესია. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ცვლილებას, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ კოალიციის წევრებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გადაწყდა, მომხდარიყო კიდევ ერთი ცვლილება და თინა ხიდაშელი დანიშნულიყო უწყების ხელმძღვანელად.
„რაც შეეხება მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს – მე ვფიქრობ, რომ ამაში განსაკუთრებული და სკანდალური არაფერი არ არის და ტყუილად არ უნდა შევეცადოთ, რომ აჟიოტაჟის სურათი შევქმნათ. მთავრობა უნდა იყოს ადეკვატური იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაშია შექმნილი და ბუნებრივია, თუ გამოჩნდა, რომ ამა თუ იმ მინისტრს ჰქონდა წასვლის ობიექტური მიზეზი, ეს ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავიგოთ და აქ რაიმე კონსპირაცია არ უნდა ვეძებოთ. ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია. მთავრობაში მინისტრები სამუდამოდ ვერ დარჩებიან, ზოგადად მთავრობები იცვლებიან და თუ რომელიმე მინისტრი ვადაზე ადრე, თავისი სურვილით ან სურვილის გარეშე წასვლას გადაწყვეტს ამაში სასკანდალო არაფერი არ არის.
ორი მინისტრის შეცვლაზე იყო საუბარი, თუმცა მე საჯაროდ განვმარტე, რომ ჩვენ ვართ კოალიცია. საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს ესა თუ ის მინისტრი და ყოველთვის ხელს იშვერენ პრემიერ-მინისტრის მისამართით, მაგრამ გვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ კოალიცია. კოალიციაში შედის ხუთი პარტია, მე, რა თქმა უნდა, მქონდა კონსულტაციები კოალიციასთან და კონსულტაციების გავლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომხდარიყო კიდევ ერთი ცვლილება – ქალბატონი თინა დაგვენიშნა თავდაცვის მინისტრად, გულწრფელად გეუბნებით, რომ ამაში რაიმე დაფარული არაფერი არ არის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები