ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა რიგის სამიტისთვის აქტიურად ემზადება

საქართველოს მთავრობა აქტიურად ემზადება რიგის სამიტისთვის, რათა მოხდეს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პროგრესის ასახვა და ევროპულ ოჯახში პოლიტიკური ასოცირებისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის დაფიქსირება, – აღნიშნული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, უელსის სამიტზე საქართველოსთვის “არსებით ღონისძიებათა პაკეტის” შემუშავება გადაწყდა და ამით საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უფრო მეტად დაუახლოვდა.
“ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის რატიფიცირებაც მოახდინა ამ დროისთვის უკვე 19 სახელმწიფომ და ასევე ევროპარლამენტმა. საქართველოს მთავრობა აქტიურად ემზადება რიგის სამიტისთვის, რათა მოხდეს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პროგრესის ასახვა და ევროპულ ოჯახში პოლიტიკური ასოცირებისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის დაფიქსირება. ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შეასრულების თვალსაზრისით და ველით, რომ რიგის სამიტი ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ პროცესში. უელსის სამიტზე გადაწყდა საქართველოსთვის “არსებით ღონისძიებათა პაკეტის” შემუშავება, რითიც საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა ამავე სხდომაზე საქართველოს გაზრდილ წვლილზეც ისაუბრა – გლობალური უსაფრთხოების საქმეში.
“2014 წელს პირველად ჩავერთეთ ცენტრალური აფრიკაში ევროკავშირის მისიაში. განვაგრძობთ აქტიურ მონაწილეობას ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში. რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯების მიუხედავად, რაც გამოიხატა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით, ქართულმა დიპლომატიამ მოახერხა საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის მობილიზება ამ საკითხის ირგვლივ და ჩვენ მივიღეთ უპერეცედენტო მხარდაჭერა”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები