“არ მაქვს მოლოდინი, რომ საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის გაწეულ საქმიანობას ადეკვატურად შეაფასებს”

არ მაქვს მოლოდინი, რომ საპარლამენტო უმცირესობა მთავრობის გაწეულ საქმიანობას ადეკვატურად შეაფასებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმცირესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პროგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყველა ის სასიკეთო ცვლილება და რეფორმა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება. მისივე თქმით, ის დღეს ამაყია, რომ გამოდის იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არჩევანისა და სიცოცხლის უფლება.
“მე არ მაქვს იმედი და არც მოლოდინი, რომ ის საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტშია წარმოდგენილი, ადეკვატურად შეაფასებს 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენი მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სასიკეთო ცვლილება და რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ დადებითად აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე, მათ შორის თქვენ და თქვენ ოჯახებსაც შეეხება. სანამ კონკრეტულ ციფრებზე და უკვე მიღწეულ შედეგებზე გადავალ, მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ მე დღეს ამაყი ვარ, რომ გამოვდივარ იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რომელშიც დაცულია ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არჩევანისა და სიცოცხლის უფლება. სწორედ ამიტომ, მე აღარ შევეხები ჩვენ შორის არსებულ ღირებულებით განსხვავებებს და დღეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაზე და მომავალზე ვისაუბრებ. დღეს გამოჩნდება, შეგწევთ თუ არა ძალა თვალი გაუსწოროთ პროგრესს და აღიაროთ ის გაკეთებული საქმეები და ციფრები, რომლებსაც მე დღეს მოგახსენებთ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამაში დეტალურად არის წარმოდგენილი საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების სტრატეგია და გეგმები.
“მასში ჩამოყალიბებულია სამთავრობო პოლიტიკის ყველა ძირითადი ასპექტი. ჩვენ დეტალურად გავწერეთ, თუ როგორ ვაპირებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასასვლელად. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობის პრიორიტეტი არის უცვლელი – ეს არის ძლიერი, ეფექტიანი და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ამ რეფორმებს წინ ვერაფერი აღუდგება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი გახდეს შეუქცევადი”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები