“ჩვენ შევძელით და დღეს დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე”

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები გააცნო.
როგორც პრემიერმა უმცირესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მნიშვნელოვანი პროგრესია ვიზა-ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების პროცესში; შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო; განხორციელდა თვითმმართველობის რეფორმა; დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები; შეწყდა პოლიტიკური მოტივით მოქალაქეთა დევნა; განადგურდა უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი 155 დისკი; შეწყდა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება; პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლდა მედია, სასამართლო, პროკურატურა, ბიზნესი.
“დავიწყებ ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით. ჩვენ შევძელით და დღეს დაზღვეულია საქართველოს ყველა მოქალაქე. დასრულდა 84 ახალი ამბულატორიის მშენებლობა, 150 ლარით გაიზარდა და 650 ლარი გახდა სოფლის ექიმების დაფინანსება, დეკრეტული შვებულების ანაზღაურება  600-ის ნაცვლად, გახდა 1000 ლარი. დაიწყო უპრეცედენტო პროგრამა – C ჰეპატიტის ელიმინაცია. მკურნალობა ყველა დაავადებულისთვის არის ხელმისაწვდომი. სახელმწიფო მოქალაქეებს უფასოდ გაუწევს – წელიწადში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ღირებულების მკურნალობას. ასეთი პროექტი არ განხორციელებულა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. მინიმალური პენსია გახდა 150 ლარი, გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და დევნილების შემწეობა. 6 რეგიონში ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება, მთაში – 200, ბარში – 150 ლარი. ჩვენი ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდის მეშვეობით ონკოლოგიური დაავადების მქონე 77 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა, რამაც ბევრი მათგანის ოჯახს ახალი სიცოცხლე აჩუქა. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველა შემომწირველს, ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ამ კეთილშობილურ საქმეში. სოლიდარობის ფონდის შექმნით ჩვენ ხელი შევუწყვეთ სოლიდარული საზოგადოების შექმნას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები