პრემიერი: ანაკლიის ახალი ნავსადგურის აშენება საქართველოს მთელი რეგიონის ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის

ანაკლიის ახალი ნავსადგურის აშენება საქართველოს მთელი რეგიონის ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ლაზიკის პორტი, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა გასულ წლებში, გათვლილი იყო შედარებით ნაკლები მოცულობის ტვირთებზე. ამასთან, პორტს არ ჰქონდა შემდგომი განვითარების პერსპექტივა. ჩვენ განვახორციელეთ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე წარმოქმნილი შესაძლებლობების კომპლექსური ანალიზი. ასევე, ჩატარდა დეტალური კვლევა ახალი ნავსადგურის მშენებლობისთვის ყველაზე ოპტიმალური ადგილმდებარეობის შესარჩევად. შედეგად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ბევრად მაღალი გამტარუნარიანობის პორტის მშენებლობა დავიწყოთ. ანაკლიის პორტი აშენდება 7 ფაზად და საბოლოოდ მისი გამტარუნარიანობა 100 მილიონ ტონას მიაღწევს. ჩვენი მიზანია არა მარტო რეგიონის ქვეყნების ბაზარი, არამედ ჩინეთიდან ტვირთნაკადების მოზიდვა, მით უმეტეს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ამის ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა. პრემიერის თქმით, ეს ხელს შეუწყობს ლოგისტიკური ბიზნესისა და ინდუსტრიული კლასტერის ჩამოყალიბებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები