ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში უზენაესი სასამართლოს ორი ვაკანტური წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ორი ვაკანტური წევრის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს. საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს მზია თოდუას და ეკატერინე გასიტაშვილის კანდიდატურები წარუდგინა.
კანდიდატების ბიოგრაფიული ცნობები კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ბესარიონ აბაშიძემ გააცნო, რომლის შემდეგაც სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საკომიტეტო ტრიბუნა წარდგენილ კანდიდატებს დაეთმოთ. მზია თოდუას განცხადებით, მოსამართლის სტატუსი დიდი პასუხისმგებლობის მატარებელ ადამიანს ნიშნავს და მისთვის დიდი პატივია წარდგენილ იყოს უზენაესი სასამართლოს წევრის კანდიდატად.
სამომავლო გეგმების პრეზენტაციამდე, მზია თოდუამ სასამართლო სისტემაში განვლილი საქმიანობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იგი 1985 წლიდან, 29 წლის ასაკიდან, მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა მართლმსაჯულების სისტემაში.
მისივე შეფასებით, თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას სამი ძირითადი კომპონენტი, რასაც კომპეტენტურობა, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა წარმოადგენს. სასამართლოს წევრის კანდიდატმა უზენაესი სასამართლოს განვითარების და რეფორმირების ხედვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სასურველია თუ უზენაეს სასამართლოში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა განხორციელდება, რომელშიც სხვადასხვა კვალიფიკაციის პროფესიული აზრის და იდეის განხილვა გაიმართება. სასამართლო სისტემაში ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვასა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხებზე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატმა ეკატერინე გასიტაშვილმა.
მისი განცხადებით, იუსტიციის საბჭოში და შემდგომ ადვოკატად მუშაობის პერიოდში მას არაერთ მართლმსაჯულების ხარვეზთან მოუწია შეხება, რაც, მისივე განმარტებით, გამოსწორებას და დახვეწას საჭიროებს. მოსამართლეობის კანდიდატმა ვენეციის კომისიის დასკვნების შესრულების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს სასამართლო სისტემაში ბევრი დადებითი სიახლის განხორციელება იგეგმება, რასაც სრულიად მხარს უჭერს და იზიარებს უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეული თავმჯდომარე.
გამოსვლების დასრულების შემდეგ სასამართლოს წევრობის კანდიდატებმა კომიტეტის წევრების მოსაზრებები მოისმინეს. სხდომაზე გამომსვლელებმა წარმოდგენილი კანდიდატების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, უზენაესი სასამართლოს წევრების კანდიდატებთან მას მრავალწლიანი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს და მათი კომპეტენტურობა და კვალიფიკაცია სრულიად შეესაბამება მოსამართლისთვის აუცილებელ თვისებებს. მანვე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვერცერთი რეფორმა ვერ იმუშავებს სრულყოფილად და ქვეყანა ვერ შეძლებს დემოკრატიულ განვითარებას, თუ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ განხორციელდება.
„მართლმსაჯულება სამართლიანი გახდება მაშინ თუ ხელისუფლება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და ასევე, თუ მოსამართლეების არჩევა კვალიფიკაციის და პროფესიული ნიშნით მოხდება. სწორედ ამ მიდგომებს იზიარებს და ითვალისწინებს მოქმედი ხელისუფლება, რაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებელ საქმიანობას განაპირობებს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა ფარული კენჭისყრით, წარმოდგენილ კანდიდატებს ერთსულოვნად ნდობა გამოუცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები