დოკუმენტური ფილმი ''ტონინო გუერას მასტერკლასი''

   ქართველი რეჟისორი მიხეილ მრევლიშვილი გადაიღებს დოკუმენტურ ფილმს „ტონინო გუერას მასტერკლასი“. ფილმი წარმოადგენს იტალიელი სცენარისტის ტონინო გუერას პორტრეტს, აღწერს მის ცხოვრებას, ასევე მის დამოკიდებულებას ქართული კულტურისა და, ზოგადად, საქართველოს მიმართ. ცნობილი იტალიელი სცენარისტი, მწერალი და პოეტი ტონინო გუერა იტალიის პატარა სოფელ სანტარკანჯელო დი რომანიაში, 1920 წლის, 16 მარტს დაიბადა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან როგორიც არიან, ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, თეო ანგელოპულოსი, ანდრეი ტარკოვსკი… ტონინო გუერა მრავალი ფილმის სცენარის ავტორია. მათ შორისაა: „ამაკორდი“, „ორკესტრის რეპეტიცია“, „წითელი უდაბნო,“ „ფოტოგადიდება“, „ნოსტალგია“ და სხვა.
სცენარისტს მიღებული აქვს კანის კინოფესტივალისა და ამერიკის კინო აკადემიის ჯილდოები. ტონინო გუერას სამი წიგნი: „წონასწორობა“, „პარალელური ადამიანი“ და „ასი ჩიტი“ მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. მასვე ეკუთვნის ნოველების კრებული „მტვრის ღრუბელი“.
სცენარისტი 2012 წლის 22 მარტს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამომცემლობამ „ბომპიანი“ტონინო გუერას ბოლო წიგნი „მზის მტვერი“ მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამოსცა. პროექტი დაფინანსდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამის „ქართული სეზონი“ ფარგლებში. სამინისტროსთან ერთად, პროექტის მხარდამჭერია ‘’ტონინო გუერას კულტურის ფონდი’’(იტალია). პროექტი ინიცირებულია ფილმის რეჟისორის მიხეილ მრევლიშვილის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები