საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობას შეუერთდა
საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საპარლამენტო ღიაობის მემორანდუმი გაფორმდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმზე ხელმოწერით, საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც პარლამენტში ღია მმართველობის პრინციპების პრაქტიკულ დანერგვას დაიწყებს.
აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გაიმართა, რომელზეც მემორანდუმზე ხელისმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი ხელმოწერა დააფიქსირეს. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილე მხარეებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა.
„საქართველოს პარლამენტის ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელო ამბები, როგორც წესი, არ ხდება, მაგრამ მაინც არის დღეები და მომენტები, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ, რომელიც ახალი მიმართულებით განვითარებას, ჩვენი ცხოვრების ახალ სტანდარტებს საფუძველს უყრის. დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა – პარლამენტი ღიად აცხადებს, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის წინაშე, ასევე, ქვეყანაში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების წინაშე და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის წინაშე, რომ პარლამენტი მზადაა თავის საქმიანობაში სრულიად ახალი და განსხვავებული გამჭვირვალეობის და ღიაობის სტანდარტები დანერგოს. საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციაზე ხელმოწერით და, ზოგადად, ღია მმართველობის პარტნიორობის პროცესში მონაწილეობით, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, ჩვენ ვუერთდებით 21-ე საუკუნის ამ სრულიად ახალ გამოწვევას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცერემონიის მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამების მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, შომბი შარპმა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, გიორგი კლდიაშვილმაც მიმართეს და მემორანდუმის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
მისასალმებელი სიტყვების დასრულების შემდეგ მემორანდუმის ტექსტზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომლის შემდეგაც, მემორანდუმიდან გამომდინარე, დეკლარაციაზე პარლამენტის წევრებმა საკუთარი ხელმოწერები დასვეს.
დეკლარაციაზე ხელმოწერით პარლამენტმა ღიაობის პრინციპების და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის ვალდებულება აიღო. ღია მმართველობის მთავარი პრინციპების დასანერგად საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი 2015 წლის თებერვალში შეიქმნა, რომელსაც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი ხელმძღვანელობს. ჯგუფში ასევე გაერთიანებულია 12 პარლამენტის წევრი ინტერფრაქციული შემადგენლობით. მომავალი თვეების განმავლობაში ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფი სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, რომელიც განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივა ევროკავშირისა და გაეროს განვიტარების პროგრამის ხელშეწყობით და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ თანამშრომლობით ხორციელდება.