ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ის ეკონომიკურ კონფერენციას არ დაესწრება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ის „თბილისი მარიოტში“ მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციას არ დაესწრება. როგორც „საზოგადოება 2030“-ის დამფუძნებელმა განაცხადა, მას არ სურს, რომ მისი მონაწილეობის გამო პოლიტიკურ სპეკულაციებს დაუკავშირდეს.
„მე ვისურვებდი თქვენთან ერთად ფორუმში მონაწილეობას. თავდაპირველად ასეც მქონდა დაგეგმილი, შემდგომ, გუნდთან ერთად პირველსავე შეხვედრაზე განვიხილეთ და ანალიზი გავაკეთეთ. აღმოჩნდა, რომ ჩემმა მონაწილეობამ შეიძლება სხვა მიმართულებით წაიყვანოს ფორუმის მოღვაწეობა, რამეთუ დიდი ხანი არ არის, რაც პოლიტიკიდან წამოვედი, გარკვეულ რჩევებს ვაძლევ პოლიტიკოსებს და მითქვამს კიდეც ეს. ამას ოპოზიცია ფორსირებულად აჩვენებს და ლამის ყველაზე წამყვან პოლიტიკოსად მაცხადებენ. მხოლოდ ამ მიზეზით მივიღე გადაწყვეტილება, არ დავესწრო ამ ფორუმს. მე ყველა თქვენგანის გამოსვლის აზრს გავეცნობი და თუ რამე საინტერესოს დავინახავ, გამოვიყენებ“, – განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს მიმართა, ის მათგან ელოდება, რომ მუშაობას მხოლოდ პროფესიონალური მიმართულებით, ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე განავითარებენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა კონფერენცია დატოვა. „თბილისი მარიოტში“ „მოქალაქის“ და „საზოგადოება 2030“-ის ორგანიზებით, ეკონომიკური კონფერენცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები