საგარეო საქმეთა სამინისტროში ყოველწლიური ორმხრივი დიალოგის შუალედური რაუნდი გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის ყოველწლიური ორმხრივი დიალოგის – „უორდროპის დიალოგი“ შუალედური რაუნდი გაიმართა.
ღონისძიებაში საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს უწყებათაშორისი სამი თემატური (პოლიტიკა, ეკონომიკა, უსაფრთხოება) სამუშაო ჯგუფი მონაწილეობდა. თბილისში გამართულ შუალედურ რაუნდს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი სარა სვინფორდი.
საქართველოს მხრიდან, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ენერგეტიკის სამინისტროები და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.
გაერთიანებული სამეფოს მხრიდან – საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოს, დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს წარმომადგენლები. სამინისტროს ცნობით, შუალედურ რაუნდზე, მონაწილეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის, რეგიონული, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის საკითხები, ასევე საქართველო – ევროკავშირის, საქართველო – ნატოს, საქართველო – რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია. ასევე, ისაუბრეს „უორდროპის დიალოგის“ შემდგომ მიზნებსა და ამოცანებზე.
ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მზაობა, მომავალშიც გააგრძელოს საქართველოს აქტიური მხარდაჭერა ევროკავშირთან და ნატო-სთან ინტეგრაციის გზაზე ისევე. როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის მიმართულებით.
გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, მონაწილეებმა, თემატური ჯგუფების მიხედვით გააგრძელეს მოლაპარაკებები შესაბამის უწყებებში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს წარმომადგენლებმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით დონდუასთან, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ქეთევან ციხელაშვილთან. შეხვედრებზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ოკუპირებული რეგიონების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. „უორდროპის დიალოგი“ ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება. დიალოგის ფარგლებში შეხვედრები ტარდება წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ლონდონში.
პირველი, საინაუგურაციო სხდომა, 2014 წლის 19-20 ნოემბერს, ლონდონში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები