“ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ბიძინა გიორგობიანს ერთპიროვნულად არ მიუღია გადაწყვეტილება”

თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში მიმდინარე მშენებლობასთან და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომენტარი გააკეთა.
ნარმანია აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის პროცესში ბიძინა გიორგობიანს ხეების მოჭრის ერთპიროვნული  გადაწყვეტილება არ მიუღია.
მერის განმარტებით, საკითხზე ძალიან ბევრი განხილვა და დისკუსია გაიმართა.
“მშენებლობის პროცესში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ბიძინა გიორგობიანს ერთპიროვნულად არ მიუღია გადაწყვეტილება. ამაზე ძალიან ბევრი განხილვა და დისკუსია გვქონდა. ის სამი კომპანია, რომელიც შესაბამისი პროექტებით შემოვიდა ჩვენთან. საკმაოდ დიდი ხანი ელოდებოდა ჩვენგან მშენებლობის ნებართვას, იმიტომ, რომ იქ ჩვენ მათ შევთავაზეთ უფრო გონივრული პროექტები. სადაც უფრო ნაკლები იქნებოდა მოცულობა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დღეს თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეებმა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართეს. პროტესტის მიზეზი გუშინ, თამარაშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრა გახდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა „არქი ჯგუფს“ იპოდრომის ტერიტორიაზე ხეების მოჭრის ნებართვა უკანონოდ მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები