„მე ნარცისი ადამიანი ვარ, ვარ და რა ვქნა…“

„საერთოდ, მე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან – მედანიდან ვარ. იმიტომ, რომ საშუალო განათლება უკეთეს პირობებში მიმეღო, წალენჯიხაში გადმოვედით საცხოვრებლად და ვსწავლობ ლიცეუმ „ქიაჩში“, რომელიც აქაურ პირობებში ყველაზე პრესტიჟული სკოლაა.
დედა ფილოლოგია, მამა ისტორიკოსი, ბაბუაც სოფელში რაღაც მოღვაწე იყო, ბებია კი -კლუბის გამგე. გახსოვთ, ალბათ, ძველად თეატრალური წარმოდგენები კლუბებში იმართებოდა. ფაქტობრივად, თეატრთან შეხება მხოლოდ ბებიას ჰქონდა…“ – ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყველაზე პატარა მსახიობი, 13 წლის ტატო ჭანტურია.

– წალენჯიხის ტელეკომპანია „ჯიხა“ – გადაცემა „ტატოს მინი სტუდია…“11121489_845611398821247_961313983_n
– ტელეკომპანია პირველ არხზე გადიოდა გადაცემა „სპიკერი“ და მისი ანალოგი სკოლაში ტარდებოდა, სადაც მონაწილეობა მივიღე. ერთ-ერთი ტური  ვიდეოტური იყო და საუკეთესო რეპორტაჟი უნდა მოგვემზადებინა, რომლისთვისაც ადგილობრივი ტელევიზია და ჟურნალისტები გვეხმარებოდნენ. ამ პერიოდში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აღმომაჩინა და ტელევიზიაში მუშაობა შემომთავაზა. იცით, ალბათ, ეს არ არის დიდი ტელევიზია, არც ბევრი გადაცემები აქვთ და ამიტომ, რთული არ იყო იქ მოხვედრა.
გადაცემას ყველა თემაზე, თუმცა უფრო ხშირად საბავშვოს ვაკეთებდი. ვიწვევდი სტუმრებსაც. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ორგანიზაცია „ევროპული აკადემიის“ დაბადების დღემ გამიხსნა გზა წარმატებისკენ, ამ გადაცემას ყველაზე საინტერესოდ ვთვლი. ასევე, გამოვყოფდი პირველ გადაცემას, როცა არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა და ცირკი „შაპიტო“ ჩამოვიდა. ჩემი პირველი გადაცემის სტუმრები ისინი იყვნენ და საინტერესო გადაცემა გამოვიდა.
– ზუგდიდის თეატრი…11178425_845611405487913_571563450_n
– სწორედ, ორგანიზაცია „ევროპული აკადემიის“ დაბადების დღეზე ვაკეთებდი გადაცემას. გადაღებაზე ვიყავი, სადაც ზუგდიდის თეატრის მსახიობები – მზევინარ ჩარგაზია და მარინა დარასელია, რომლებიც ასევე ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობენ, ჩამოვიდნენ, როგორც ჯამბაზები. მათ შემომთავაზეს თეატრში მოღვაწეობა. მეც უარს ხომ არ ვეტყოდი. მომცეს ტელეფონის ნომერი და მითხრეს, სად და როგორ უნდა მივსულიყავი.
მივედი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან – ბადრი წერედიანთან, რომელსაც დაველეპარაკე, გავესაუბრე, ვუთხარი, თქვენი მსახიობების რეკომენდაციით მოვედი და მსურს, თქვენთან, თეატრში მსახიობი ვიყო-მეთქი. მან მითხრა, – დაგირეკავო. იმედით ვერ წამოვედი, ჩემთვის ვფიქრობდი, ყველამ ასე იცის, დაგირეკავთო… მაგრამ 15 წუთში დამირეკა და მითხრა, ზუსტად და კარგად მახსოვს, – ხვალ პირველ საათზე მოდი. პირველივე დღეს დაგვიანებით მივედი, თუმცა აღმოჩნდა, რომ სპექტაკლში „თოვლის დედოფალი“ კაის როლზე ვიყავი დამტკიცებული. ეს იყო, ჩემი პირველი როლი თეატრში.
– სკოლა და თეატრი…
– იმიტომ, რომ წალენჯიხაში ვცხოვრობ, სკოლაში ცოტა პრობლემები მაქვს. თავისთავად შეუთავსებელია ერთმანეთთან სკოლა და თეატრი, მაგრამ სკოლის დირექტორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ყველანაირად ხელს მიწყობენ. ცდილობენ, ჰარმონიულად ერწყმოდეს სკოლა და თეატრი ერთმანეთს.
– როგორ შეხვდა ოჯახი შენს გადაწყვეტილებას?11180036_845611418821245_1044963655_n
– დადებითად, წინააღმდეგი რატომ უნდა ყოფილიყო. დედა ყოველთვის მხარს მიჭერს, ხელს მიწყობს და გაგებით ეკიდება ჩემს გადაწყვეტილებებს. ამ მხრივ აბსოლუტურად თავისუფალი ვარ.
იცით, ყოველდღიურობა ძალიან მობეზრებული მქონდა და რაღაც ახალი მინდოდა. მინდოდა, იმ გარემოს მოვშორებოდი, სადაც ყოველდღიური რუტინა, სკოლა და სახლი არსებობდა.
– უკვე სამ სპექტაკლში ითამაშე…
– დიახ, როგორც გითხარით, პირველი სპექტაკლი „თოვლის დედოფალი“ იყო, სადაც ვერ გეტყვით, რომ ვინერვიულე ან შიშის გრძნობა მქონდა. ისეთი როლი მქონდა, სულ სცენაზე ვიყავი და მაყურებელთან კონტაქტი არ მქონია.
მეორე სპექტაკლი „დაბრუნებაა“, რომელიც ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დაიდგა და, სადაც პატარა ნოდარ დუმბაძის როლს ვასრულებ. საპასუხისმგებლო და ჩემთვის დიდი სიამაყე იყო ამ როლის თამაში. მახსოვს, ძალიან ვინერვიულე. ცოტა განსხვავებული სპექტაკლია, რადგან პირველივე ჩემი სიტყვით მაყურებელს მივმართავ. როცა როლი შემომთავაზეს, დავფიქრდი კიდეც, შევძლებდი თუ არა, მაგრამ მე ცოტა ნარცისი ადამიანი ვარ, ჩემი თავი მიყვარს და მჯერა საკუთარი თავის, ამიტომ, არც ამ როლის შემეშინდა, დარწმუნებული ვიყავი თავს გავართმევდი და ვთვლი გამომივიდა კიდეც. ესეც ნარცისი ადამიანის გამონათქვამს ჰგავს, მაგრამ ვარ და რა ვქნა. თუ მაყურებლის ემოციების მიხედვითაც ვიმსჯელებთ, საკმაოდ კარგად ვითამაშე. ხშირად, არ ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა საკუთარი თავი მეამაყება. მაყურებლის ოვაციებს, ტაშს, ცრემლებს რომ ვხედავდი, საკუთარი ნერვიულობა სულ დამავიწყდა და სურვილი მქონდა თავიდან მეთამაშა.11185459_845611382154582_716215727_n
მესამე სპექტაკლი „წითელკანიანთა ბელადის დახსნაა“, სადაც ბიჭუნას როლს ვთამაშობ. ეს ის როლია, რომელიც ჩემს „მესთან“ ყველაზე ახლოს არის. ამიტომ, სამივე სპექტაკლი და როლები ძალიან მიყვარს.
აგრეთვე, მთავარი როლი ვითამაშე ფორუმ-თეატრის წარმოდგენაში „სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს“.
– თეატრში დარჩენას აპირებ?
– იცით, თეატრმა, მართლაც, ძალიან და დადებითად შეცვალა ჩემი ცხოვრება. შემოქმედებითად ძალიან გავიზარდე. ახალი, პოზიტიური წრე შეიქმნა ჩემს გარშემო. მეამაყება, ისეთი მსახიობების გვერდით რომ ვდგავარ, როგორიც მერაბ კაკალია, ირაკლი სამუშია, სესე მიქავა არიან. მგონი, კარგი სტარტი ავიღე, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, რაც ძალიან მომწონს. მაგრამ მე კინოს უფრო ვანიჭებ უპირატესობას. თუ ამ მიმართულებით გამოჩნდება ვინმე, ვინც კინოში თამაშს შემომთავაზებს, უფრო მეტი მოტივაცია მექნება, ხელოვნებას გავყვე. სხვა შემთხვევაში, დღეს, მსახიობების მდგომარეობას რომ ვუყურებ, ძალიან არ მომწონს. გარდა ამისა, ჩემი თაობის ბავშვები დადიან თეატრში, მაგრამ უმცროსმა თაობამ მაინცდამაინც არ იცის, რა არის თეატრი, რასაც შუალედური თაობის პროვინციალიზმის დონიდან არ ამოღწევა განაპირობებს. მე ცოტა რეალისტი ვარ და ვფიქრობ, უფრო მომგებიანი სამსახური მჭირდება, მაგალითად, ისეთი, როგორიც ბიზნესია. თუმცა ეჭვი არავინ შეიტანოს, რომ აუცილებლად დავეხმარები თეატრს და მსახიობებს.
– მინდა, რომ…11198463_845611388821248_735362203_n
– ხომ ვერ გადაწყდა ეს ქაღალდომანია, ფარატინა ფურცლების აქეთ-იქით ქნევა, სულ ლაპარაკია კი – არა, კი – არა და, სამწუხაროდ, კიდევ, არ არის გადაწყვეტილება მიღებული. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იმ პერიოდს მოვესწრები, როცა ზუგდიდის თეატრი გარემონტდება და კარგ პირობებში მოგვიწევს მუშაობა. ამის იმედი აქვთ თეატრის უფროსი თაობის მსახიობებსაც და მინდა, მათაც ვუსურვო იმ დღეს მოესწრონ, როცა სრულყოფილ თეატრში იმუშავებენ.

მზევინარ ხუციშვილი

11198640_845611408821246_189853140_n

11198729_845611385487915_667984626_n

11198755_845611402154580_1590563084_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები