„პრეზიდენტი, რომელიც ყურით დაჰყავთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, მოქალაქეთა უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება“

როდესაც დავინახე, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება და ადგილი ჰქონდა მცდელობას – მიეჩინათ ქვეყნის პრეზიდენტისთვის ადგილი, მე უარი ვთქვი ყველა შემოთავაზებულ რეზიდენციაზე და დავრჩი ავლაბრის რეზიდენციაში – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სადავო რეზიდენციის საკითხს „მაესტროს ცხრიანში“ სტუმრობისას.
პრეზიდენტმა იმ მიზეზებსა და გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც მიიღო გადაწყვეტილება, დარჩენილიყო ავლაბრის რეზიდენციაში.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, განცხადება, რომელიც ავლაბრის რეზიდენციის უნივერსიტეტად გადაკეთების პროექტს ეხებოდა, განათლების მინისტრის პოსტიდან გააკეთა, პრეზიდენტის პოსტზე კი გარემოებები შეიცვალა.
„როდესაც ვამბობდი, რომ მინდა, ავლაბრის რეზიდენციაში გაიხსნას უნივერსიტეტი, ახლა როცა ამაზე ვფიქრობ, ამას უფრო როგორც განათლების მინისტრი ისე ვამბობდი. კი ვიყავი პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ ემოციურად ძალიან დაკავშირებული ვიყავი იმ პროექტთან. თუმცა, პრეზიდენტად არჩევის მერე ბევრი ვითარება შეიცვალა, ბევრი თვალსაზრისით. შეიცვალა გარემო, როდესაც მე დავინახე, რომ ასე მეთოდურად ხორციელდება პრეზიდენტის ინსტუტის დაკნინების მცდელობა და ამ ინსტიტუტის გადაყვანა უკანა პლანზე. სულ მქონდა იმედი, რომ ეს მოგვარდებოდა, მაგრამ მე დავინახე, რომ ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა. ეს დავინახე 2014 წლის 22 თებერვალს. ეს იყო პარლამენტში ჩემი სიტყვით გამოსვლის თარიღი, მაშინ პარლამენტმა ჩემს მისვლაზე უარი განაცხადა. ეს იყო ჩემთვის სიგნალი, მე მივხვდი, რომ დავბრუნდები იქ, სადაც ვმუშაობდი, რეალურად საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას სერიოზული პრობლემა შეექმნება. ეს იყო სიგნალი და მე გადავდგი ნაბიჯი. ნაბიჯი, რომელიც არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ეს გასაკეთებელი იყო, საჩვენებელი იყო იმისა, რომ პრეზიდენტს ასე ადგილს ვერ მიუჩენ. ამის შემდეგ მე, ბუნებრივია, ოფიციალურად უარი ვთქვი სხვა რეზიდენციებზე. არა მარტო ათონელზე, არამედ მათ შორის აჭარაში და ყველაზე, გარდა ამ რეზიდენციისა. მას მერე არსად გადასვლაზე არ მიფიქრია, რადგან როდესაც პრეზიდენტს ეტყვი, შენ დაჯექი აქ, მერე გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან… როდესაც პრეზიდენტს მიუთითებენ ადგილს, სადაც ის უნდა დაჯდეს, ხვალ რომ თქვენ მიგითითებენ ადგილს, სადაც უნდა დაჯდეთ, როგორ გგონიათ, რა დაგიცავთ? ამ ნაბიჯით მე ვიცავ ქვეყნის იმიჯსა და მოქალაქეებს“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები