ხვალ მშობელთა საინიციატივო ჯგუფი გამაფრთხილებელ აქციას გამართავს
ხვალ 12:00 საათზე მშობელთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამაფრთხილებელი აქცია გაიმართება.
როგორც მშობელთა საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, გამაფრთხილებელი აქცია სასკოლო ასაკის განსაზღვრის თაობაზე დაგეგმილ კენჭისყრასთან დაკავშირებით გაიმართება.
ამავე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები იქნებიან: კანონპროექტის ინიციატორი, ფსიქოლოგები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების ცნობილი სახეები.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თქმით, აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართვას გაუგზავნიან.
“არსებული ვარიანტით, ბავშვებს რომელთაც სწავლის დაწყების დღიდან უსრულდებათ 6 წელი ეკრძალებათ სკოლაში შესვლა. საპარლამენტო უმრავლესობაზე ზეწოლას ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლება, რადგან ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 20000-მდეა, მათ მიერ შეთავაზებული ვარიანტით სახელმწიფო ბიუჯეტი დაზოგავს 8 მლნ-მდე ლარს. თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება უარყოფითად აისახება ბავშვების სასკოლო მოტივაციის ხარისხზე და, ამავდროულად, პრობლემას შეუქმნის ოჯახებს, მოახერხონ შვილების სოციალური აქტივაცია. მინისტრის, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ აღნიშნული ინიციატივა დაკვალიფიცირდა, როგორც ვიწრო პარტიული ინტერესის შემცველი და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მორიგი საბოტაჟის მცდელობა. საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა შეურაცხყოფს მათ ინტერესს და მოითხოვს, საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრის პროცესში გაითვალისწინოს მათი პოზიცია, რომელსაც არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური მოტივაცია”, – აცხადებენ მშობელთა საინიციატივო ჯგუფში.
შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით – 62 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო პროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვების 5 წლის ასაკიდან შეყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს “ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის” წევრმა კობა სუბელიანმა შესთავაზა.