„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ „რუსთავი 2“-სა და „თრიალეთს“ უჩივის

ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-ის და „თრიალეთის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. როგორც „კვირას“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში განუცხადეს, კომისიამ ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ საჩივარი ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-ის და „თრიალეთის“ წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.
საჩივარში ნათქვამია, რომ ფონდმა ტელეკომპანიებს – „რუსთავის 2“-ს და „თრიალეთს“ მათ სამაუწყებლო ბადეებში განსათავსებლად სოციალური რეკლამის ვიდეორგოლი მიაწოდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ფონდს სარეკლამო რგოლის დაკორექტირება მოსთხოვა, ტელეკომპანია „თრიალეთმა“ კი „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ განცხადება უპასუხოდ დატოვა, რასაც არ ეთანხმება ააიპ „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“ და საკითხის განხილვას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სთხოვს.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია სამ საათში ერთხელ არანაკლებ ოთხმოცდაათი წამისა გამოყოს სოციალური რეკლამის განსათავსებლად. ამავე კანონის თანახმად, სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებულ დავებს იხილავს კომისია. საკითხის არსებითი სხდომა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2015 წლის 14 მაისს, 16:00 საათზე ჩაინიშნა, სხდომა საჯაროა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები