თბილისის მერიასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ქართულ და აფხაზურ ენებზე მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია დევნილთა პრობლემების მოგვარების საქმეში თბილისის და აფხაზეთის ა/რ მთავრობის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა.
როგორც ხელმოწერის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, თბილისის მერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმებამდეც აქტიურად თანამშრომლობდა. „დევნილთა კომპაქტური ჩასახლებებთან საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს, არის სხვა სფეროები, რომლებიც ეტაპობრივად გამოიკვეთება და აქტიურად ვიმუშავებთ, რათა მეტი საერთო პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაიას თქმით, მემორანდუმის აფხაზურ ენაზე თარგმნის ინიციატორი დედაქალაქის მერიაა. „ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთში მეორე სახელმწიფო ენა აფხაზურია და ხელშეკრულება აფხაზეთის მთავრობასთან იდება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი მერიას“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განვითარებას, კულტურის პოპულარიზებას ერთობლივი პროექტების საშუალებით. მხარეები თანხმდებიან, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ თბილისის მერიის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდულ აქტივობებში დევნილი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას, ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფენ თბილისში განსახლებული დევნილებისათვის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თბილისის პროგრამების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას, დევნილთა დასახლებებში გამწვანების აქციების ორგანიზებას და სხვა. მხარეები გამოყოფენ პასუხისმგებელ პირებს თითოეული მიმართულებით, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავებენ და კანონმდებლობით დადგენილი წესით თბილისს და აფხაზეთის მთავრობას წარუდგენენ ურთიერთთანამშრომლობის პროგრამას, განსახორციელებელ პროექტებსა და ინიციატივებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები