„ჰოუმმარტმა“ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საქველმოქმედო ფესტივალს უმასპინძლა (ფოტო, ვიდეო)
ჭავჭავაძის №37 ლ-ში მდებარე სავაჭრო ცენტრმა „ჰოუმმარტმა“ საქველმოქმედო ფესტივალს “გაზაფხულის ყვავილებს” უმასპინძლა.
ფესტივალი კომპანია “აგრომაქს დეკორის” უნიკალური ჯიშის დეკორატიული მცენარეების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა და ბავშვების საგაზაფხულო კოსტიუმების ჩვენებით დასრულდა.
ფესტივალის ბოლოს, საგაზაფხულო ჩვენებაში აკაპელა “The Quintessence” – მა მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი იყო პორტალი “კვირა”. ღონისძიების წამყვანი მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე გახლდათ. როგორც მან “კვირას” განუცხადა, იგი ყოველთვის მზადაა ყველა იმ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ბავშვების კეთილდღეობას ეხება.
“ყოველთვის ვცდილობ მსგავს ღონისძიებებს გვერდში დავუდგე და ძალიან მახარებს, რომ ქალაქში მსგავსი ამბები ხდება. მადლობა ორგანიზატორებს, რომ ასეთი იდეები აწუხებთ. ბავშვები ჩვენი მომავალია, ამიტომ ყველა მათ გვერდით ვართ“, – განაცხადა გიორგი ვარდოსანიძემ.
ფესტივალის ფარგლებში ა (ა) იპ “ჩემი სახლის” სოციალურად დაუცველმა მოზარდებმა “ხელოვნების სახლის” აღსაზრდელებთან ერთად, თეატრალიზებული ჩვენება გამართეს.
ჩვენებაზე საგაზაფხულო კოსტიუმები და გამოყენებითი ხელვნების დარგში საკუთარი ნამუშევრების გამოფენის წარდგინება მოეწყო.
“ჩემი სახლის” ხელმძღვანელმა, ნინელი ჭანკვეტაძემ “კვირას” განუცხადა, რომ იგი მადლობელია ღონისძიების ინიციატორის სავაჭრო ქსელ “ჰოუმმარტის” და ასევე ყველა იმ კომპანიის, რომელმაც აქტიური მხარდაჭერა გამოხატა. ნინელი ჭანკვეტაძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის “ხელოვნების სახლს” და მის ხელმძღვანელს, ანა ჩანგიანსა და საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ “კვირას” საინფორმაციო მხარდაჭერისთვის.
„ჩვენი დღევანდელი ლამაზი საღამოს ინიციატორი გახლავთ „ჰოუმმარტი“ და დიდი მადლობა მას ამ ინიციატივისთვის, რადგან რომ არა ის, არაფერი დღეს არ შედგებოდა. ჩვენი მეგობარი „ხელოვნების სახლი“ გამოეხმაურა ამ ინიციატივას და ანა ჩანგიანის დამსახურებაა, რომ ჩვენი ბავშვები იქნებიან ასეთი ლამაზები და კარგები. რასაკვირველია, ჩვენი მხარდამჭერი პორტალი „კვირა“, რომელსაც ასევე დიდ მადლობას ვუხდი, რომ ყოველთვის ჩვენს ყველა აქტივობას აშუქებს, რადგან სიკეთე და ქველმოქმედება ყოველთვის გადამდებია და რაც მეტ ადამიანს ეცოდინება, რომ აქვს საშუალება მსგავს ღონისძიებაში იღებდეს მონაწილეობას, მით უკეთესი იქნება“, – განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.
როგორც “ჰოუმმარტის” წარმომადგენელმა, თამარ ჭავჭანიძემ განაცხადა, მათი მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ოჯახური გარემოს შექმნაა.
„მოხარულები ვართ, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ. ზოგადად, ჩვენი სავაჭრო ცენტრის კონცეფცია სახლის თემას აერთიანებს – აქ ყველაფერია სახლისთვის და ვფიქრობთ ბავშვებს უფრო მეტად შევუქმენით ოჯახის გარემო”, – განაცხადა თამარ ჭავჭანიძემ.
ღონისძიების ბოლოს, მაღაზია სუპერისა და კომპანია “Orange Elephant”-სგან ჩვენებაში მონაწილე ბავშვებმა საჩუქრები მიიღეს.კომპანია “Orange Elephant”-მა ბავშვებს ძერწვის უფასო გაკვეთილები ჩაუტარა. პატარებმა “Wendy’s”-ის გასართობ ზონაშიც ითამაშეს.