“ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი მშვიდობის მაუწყებელია და ვვარაუდობ, რომ ჩვენს სახელმწიფოებს სიკეთეს მოუტანს”
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო.
უწმინდესმა ბელორუსიის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ბრძანა, რომ საქართველოში მისი ჩამოსვლა ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს.
“მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩამოხვედით და შეგიძლიათ თქვენი გამოცდილება ჩვენს ხელმძღვანელებს გაუზიაროთ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ბელორუსს, მის ისტორიას, კულტურას, მიღწევებს, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში თქვენი ხელმძღვანელობისას იქნა მიღწეული. ვფიქრობთ აღნიშნული ვიზიტი ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მოემსახურება. ამ რთულ, გლობალიზაციის პერიოდში ჩვენმა მართლმადიდებელი ერებმა თავისი კულტურა, რწმენა, ტრადიციები უნდა შეინარჩუნონ და ის თაობებს გადასცენ”, – ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქმა ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ სანამ მთლიანობა არ აღდგება, რუსეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ვერ იქნება.
“ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს შრომას, რომლის შესახებაც საქართველოს მთელმა მოსახლეობამ იცის. საქართველო ახლა მძიმე პერიოდს განიცდის. დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ღია ჭრილობებია თითოეული ქართველის სხეულზე და გულზე. ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი უნდა იყოს, იმიტომ, რომ ამის გარეშე არ შეიძლება მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა იყოს ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს, რუსეთსა და საქართველოს შორის. ვფიქრობ, თქვენი ვიზიტი მშვიდობის მაუწყებელია და მე ვვარაუდობ, რომ ეს ჩვენს სახელმწიფოებს სიკეთეს მოუტანს”, – ბრძანა უწმინდესმა.