საქართველოს მთავრობა ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შესახებ შემაჯამებნელ ინფორმაციას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ ოცწლიანი მმართველობის მანძილზე, საქართველოს ის პირველი ვიზიტით ესტუმრა. ამასთან, პრესასამსახური განმარტავს, რომ აღნიშნული ვიზიტის დროს საქართველო – ბელორუსიას შორის 10-ზე მეტი ხელშეკრულება გაფორმდა ყველა მათგანი ორი ქვეყნის ურთიერთობების გამყარებას გულისხმობს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა მთავრობებს შორის გაფორმებული 10–ზე მეტი შეთანხმებით გამყარდა.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დოკუმენტებს ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. შეთანხმებები გულისხმობს თანამშრომლობას საგარეო უწყებებს შორის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საბაჟო საკითხებში, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმს იუსტიციის სამინისტროებს. საქართველოს მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის და ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა საქართველოში ბელარუს ბიზნესმენთა დელეგაციისა და საქართველო-ბელორუსიის ბიზნესფორუმის ჩატარების მნიშვნელობას, რომელიც ბიზნესებს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მოხარული ვიქნები, გიმასპინძლოთ ბელორუსიაში, იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება”, – ამ სიტყვებით მიმართა ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურ სადილზე, რომელიც ბელორუსიის ოფიციალური დელეგაციის პატივსაცემად გაიმართა. მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას.