გია ხუხაშვილი საქართველოში ლუკაშენკოს პირველ ვიზიტს მნიშვნელოვნად აფასებს

ექსპერტი გია ხუხაშვილი ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს პირველ ვიზიტს საქართველოში მნიშვნელოვნად აფასებს. როგორც ხუხაშვილმა “კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ნებისმიერი უმაღლესი დონის ვიზიტი, რომელიც საქართველოს პოზიტიურ შედეგებს მოუტანს, მნიშვნელოვანია. ხუხაშვილის თქმით, ლუკაშენკო დიპლომატიის გამოყენებით განაგრძობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებთან დაკავშირებით არაღიარების პოლიტიკას და პარალელურად ახერხებს, რომ კრემლთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს.
“პოზიტიურია, რომ ლუკაშენკო ოცწლიანი მმართველობის პერიოდში პირველად ეწვია საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, ნებისმიერი უმაღლესი დონის ვიზიტი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ეკონომიკური კუთხით მისწრაფებებში არსებობს განსხვავებები, უნდა ითქვას, რომ დღეს ფასეულობათა წყალგამყოფი ძალიან პირობითია, სტერილური დემოკრატია არ არსებობს ისე, როგორც არ არსებობს სტერილური დიქტატურა. ეკონომიკურ ურთიერთობებში განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდები, თუმცა მისასალმებელია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთელ რიგ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოითქვა. რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხს, ბელორუსია არაღიარების პოლიტიკას ატარებს, ლუკაშენკო დიპლომატიის გამოყენებით ამას ახერხებს, მეორე მხრივ, ის ასევე ახერხებს, რომ კრემლთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს “, – განუცხადა “კვირას“ გია ხუხაშვილმა.
ამასთან, გია ხუხაშვილი, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ბელორუსიის როლს პოზიტიურს უწოდებს და მაგალითად მინსკში აღნიშნულ საკითხზე გამართული შეხვედრები მოჰყავს.
“ასევე მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მინსკში რეალურად ხდება შეთანხმებები უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამ კონფლიქტის მოგვარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის“,-აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია. ბელორუსიის პრეზიდენტი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში მიიღო. ბელორუსიის პრეზიდენტისა და დელეგაციის დასახვედრად ავლაბრის რეზიდენციაში ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მთავრობის წევრები. შესრულდა საქართველოს და ბელორუსიის სახელმწიფო ჰიმნები. პირისპირ შეხვედრის შემდეგ მხარეებმა შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გამართეს. მისი დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ავლაბრის რეზიდენციიდან ალექსანდრე ლუკაშენკომ გმირთა მოედანზე გადაინაცვლა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შემდეგ ბელორუსიის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. საღამოს პრეზიდენტის პატივსაცემად გიორგი მარგველაშვილის სახელით სადილი გაიმართება, რითაც საქართველოში ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პირველი დღე დასრულდება. უკვე ხვალ დელეგაცია აჭარაში გაემგზავრება. ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში სახელმწიფო ვიზტით გუშინ ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, მრეწველობის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს შეხვდება. 24 აპრილს საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტები ბათუმს ეწვევიან. ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 24 აპრილს დატოვებს. ბელორუსიის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი მარგველაშვილმა გასულ წელს მოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები