დავით უსუფაშვილი და დელეგაციის წევრები მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, მონტენეგროში ვიზიტს განაგრძობს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დავით უსუფაშვილი და დელეგაციის წევრები, დღეს, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს, მილო დუკანოვიჩს შეხვდნენ.
მილო დუკანოვიჩის განცხადებით, საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიალოგი როგორც საპარლამენტო, ასევე, სამთავრობო დონეზე, გრძელდება და ძლიერდება. მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებსა და კონფერენციებზე ხშირია ქართულ დელეგაციებთან ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ქვეყანაში არსებული ვითარება, სამომავლო გეგმები, ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული პერსპექტივები გააცნო.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას საერთო ფასეულობები და საგარეო ორიენტირები აქვთ.
მილო დუკანოვიჩის თქმით, საქართველოსა და მონტენეგროს შორის ჰარმონიული ურთიერთობაა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პოზიტიური ნიშნები არსებობს. მისივე განაცხადებით, მონტენეგრო მოხარულია საქართველოს მიერ საერთაშორისო ასპარეზზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული წარმატებით და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მონტენეგროს პრემიერ მინისტრს საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საპასუხოდ, მილო დუკანევიჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მონტენეგროს პოზიცია საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით, არის და მომავალშიც იქნება მტკიცე და ურყევი. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოსა და მონტენეგროს მდიდარი ისტორია აქვთ, მაგრამ დიდი ხანი არ არის, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს და თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების საშუალება მიეცათ. მისი თქმით იმ რთულ რეგიონულ კონტექსტში, რომელშიც ჩვენი ქვეყნები იმყოფებიან, ინსტიტუტების სიმყარეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონალური პოლიტიკისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.
დავით უსუფაშვილმა ყურადღება უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და რეგიონში რუსეთის როლსა და პოლიტიკაზე გაამახვილა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის, რეგიონალურ და ეკონომიკურ როლზე ისაუბრა. მხარეები შეთანხმდნენ საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმებზე თანამშრომლობის და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაზე. შეხვედრების დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა ვიზიტის შესახებ შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა. „საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში არის ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი. ჩვენ აქ მივაღწიეთ ურთიერთგაგებას პრაქტიკულდ ყველა საკითხში. ჩვენ გვქონდა შეხვედრები პარლამენტი თავმჯდომარესთან, პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წარმომადგენლებთან, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრთან და კიდევ ერთხელ გამოვკვეთეთ ის, რომ საქართველო და მონტენეგრო არიან სტრატეგიულ პარტნიორები პრაქტიკულად ყველა ძირითად საკითხში“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო და მონტენეგრო ნატოში ინტეგრაციის პროცესში აქტიურად არიან ჩართული და ამ მხრივ მჭიდრო თანამშრომლობა ესაჭიროებათ.
„მონტენეგრო თანამშრომლობს ევროკავშირთან ძალიან ინტენსიურად და ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში გვჭირდება მათთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, მონტენეგროსთან ტურისტული სფეროში თანამშრომლობისთვის მუშაობა დაიწყება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას გაეროს ეგიდით, იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით და ამ თვალსაზრისით ამ ქვეყანასთან ურთიერთობა მომავალშიც იქნება უპრობლემო. ასე რომ, ჩვენ მონტენეგროს სახით შეძენილი გვყავდა და დღეს კიდევ უფრო განვამტკიცეთ ეს ვითარება, მეგობარი ქვეყანა და ყველა საჭირო მომენტში მათ მოგვცეს პირობა,რომ დაიკავებენ საქართველოსთვის სასურველ პოზიციებს. ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება გასაგები მიზეზების გამო“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, დავით უსუფაშვილთან ერთად, პარლამენტის წევრები-თედო ჯაფარიძე და ფრიდონ საყვარელიძე შედიან.
საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 24 აპრილს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები