თენგიზ ფხალაძე პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე: ვერანაირი შუამავალი ვერ მოამზადებს შეხვედრას
დღევანდელ დღეს რუსეთის ფედერაციის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ საქართველოსა და ბელორუსიის პრეზედენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და ბელორუსიის პრეზიდენტების შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის თემა არ განხილულა.
“როდის იმართება შეხვედრა? როცა ამისთვის პოლიტიკური ნება და მხარეების მზადყოფნა არსებობს. სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს რუსეთის ფედერაციის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტა. როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის, დეოკუპაციის საკითხის გადაწყვეტა. ჩვენი მთავარი ამოცაანაა ახლა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით მოვახერხოთ რაიმე ფორმით, დიპლომატიური გზებით, მივიყვანოთ საკითხი მომწიფებამდე. სანამ საკითხი მომწიფებული არ იქნება, ვერანაირი შუამავალი ვერ მოამზადებს შეხვედრას, თუ არ არსებობს პოლიტიკური ნება, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, მაგალითად, დეოკუპაციისკენ, დევნილების დაბრუნებისკენ”, – განაცხადა ფხალაძემ.