“შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არავინ არსად დაბრუნებას არ აპირებს”
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთ ოჯახში ცხოვრებასთან დაკავშირებით განცხადებაში ხალხთა შორის მტრობის არარსებობა იგულისხმა. ფხალაძის თქმით, ეს თავად ბელორუსიის პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაშივე განმარტა.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ასევე აღნიშნავს, რომ მისასალმებელია, თუ კიდევ ერთი რომელიმე სახელმწიფო გაიზიარებს საქართველოს პოზიციას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში და თუკი რომელიმე სახელმწიფო კიდევ დამატებით შეეხიდება მას, იმ საერთაშორისო მხარდაჭერაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.
“არ არსებობს საერთაშორისო შეხვედრა, სადაც არ წამოჭრილა ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ოკუპირებული ტერიტორიების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხი. ეს არის ის თემა, რომელიც ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერ საერთაშორისო დონის შეხვედრას, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა, ჩვენი პოზიციები იყოს დაახლოებული, ჩვენმა პარტნიორებმა ზუსტად და კარგად იცოდნენ, თუ როგორ წარმოუდგენია საქართველოს ამის გადაჭრა. ნებისმიერი ქვეყნის მხარდაჭერა ამ ძირითადი სტრატეგიული ამოცანის რეალიზებაში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. შემიძლია ასევე სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არავინ არსად დაბრუნებას არ აპირებს. საუბარი იყო სხვა რამეზე, რაც მერე ბელორუსიის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ხალხებს შორის, როგორც წესი, მტრობა არ არსებობს და პრობლემები შექმნილია პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკოსების მიერ და სწორედ ხალხთა შორის ურთიერთობების რესურსი შესაძლებელია, რომ გამოყენებულ იქნას იმისთვის, რათა პოლიტიკური პრობლემები მოიხსნას”, – განაცხადა ფხალაძემ.
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური პრობლემები საერთაშორისო ძალისხმევის გაერთიანებით უნდა მოიხსნას და ხალხებს შორის ურთიერთობებზე ყველა, მათ შორის ევროკავშირიც ლაპარაკობს.