საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საავტომობილო გზის ქსელის დიგიტალიზაციაზე მუშაობას განაგრძობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საავტომობილო გზის ქსელის დიგიტალიზაციაზე მუშაობას განაგრძობს. გზის საერთო სიგრძიდან, რომელიც 200 000 კილომეტრს აჭარბებს, ციფრულ ფორმატში უკვე 60%-ის გადატანაა დასრულებული. მათ შორისაა, მაგისტრალური გზები, დასავლეთ საქართველოს ქალაქები და აღმოსავლეთ საქართველო. ამჟამად მუშაობა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გზათა ქსელის დიგიტალიზაციაზე მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც 2015 წლის ბოლომდეა დაგეგმილი. გზათა ქსელი მნიშვნელოვან საბაზისო გეოგრაფიულ მონაცემს წარმოადგენს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ორთოფოტოს საფუძველზე, დიგიტალიზაციის მეთოდის გამოყენებით, ქსელის აგების წესების სრული დაცვით ამუშავებენ. მონაცემები კი ძირითადი მახასიათებლების – გზის, ქუჩისა და მაგისტრალის სახელწოდებების გათვალისწინებით იქმნება. ამას გარდა, პარალელურად, აღიწერება გზათა ნომენკლატურაც: საერთაშორისო და ეროვნული ტიპი, კლასი, ზოლების რაოდენობა, საფარი, ცალმხრივობა, სიჩქარის შეზღუდვა, სეზონურობა და ა.შ.
აღსანიშნვია, რომ საავტომობილო გზათა ქსელის დიგიტალიზაციასთან ერთად დასრულებული მონაცემები სააგენტოს სპეციალისტებს Google maps-ზე გადააქვთ. ციფრულ ფორმატში გადატნილი გზათა ქსელი ევროპის ნაციონალური ტოპოგრაფიული, საკადასტრო და მიწის რეგისტრაციის ასოციაციაციის „ევროგეოგრაფიკსის“ სპეციფიკაციების შესაბამისადაა დამუშავებული და ამ ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაშიც აისახება.
„საქართველოს, გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აქვს, ამიტომ ქვეყნის მასშტაბით სტრუქტურულად და თემატურად სისტემატიზებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გეომონაცემთა ბაზის ფორმირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ პროცესში კი საბაზისო გეოგრაფიული მონაცემის – გზათა ქსელის შექმნა უდიდეს როლს ასრულებს“, – აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.
გზათა ქსელის დიგიტალიზაცია ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის – NSDI-ს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტიცაა. სამომავლოდ, გეოპორტალზე, რომელიც NSDI-ს ფარგლებში მზადდება, გზათა ქსელის ციფრული მონაცემები სრულად განთავსდება და სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მომდევნო ეტაპებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოს გზათა ქსელის დიგიტალიზაციას გეგმავს. ქვეყნის საავტომობილო გზათა ქსელის ციფრულ ფორმატში გადატანის პროცესი კი 2017 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები