რევაზ სოხაძე – 157-ე სკოლის არსებული შენობის ნაცვლად ახალი თანამედროვე სკოლა აშენდება

„შევხვდით N157 სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს, რომელთაც აწუხებთ მათი სკოლის ბედი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც სკოლა ექვემდებარება დემონტაჟს. შესაბამისად, უკვე გამოცხადებულია  კონკურსი სკოლის პროექტირებისთვის და შევეცდებით ძალიან შემჭიდროებულ ვადებში დაიწყოს მშენებლობის პროცესი. ასევე, შევეცდებით, რომ არამხოლოდ ამ სკოლაში, არამედ საქართველოს მასშტაბით ყველა პრობლემურ სკოლასთან დაკავშირებით ვიქონიოთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და ავუხსნათ მათ ყველა ის ნაბიჯი რომელსაც ვდგამთ,“- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ  სკოლის პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თბილისის 157-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე შეხვდნენ და სკოლის რეაბილიტაციის საკითხებზე ისაუბრეს.

განათლების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალურ განვითარების ფონდს გადაეცა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაცემული პროექტების დეტალური შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

157-ე სკოლის შემთხვევაში, უკვე მიღებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც არსებული შენობა ტექნიკურ და სეისმურ ნორმებს ვერ შეესაბამება. ამის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება სკოლის შენობის დემონტაჟისა და მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის აშენების შესახებ.

უკვე გამოცხადებულია ახალი სკოლის პროექტირების კონკურსი, რომლის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული კონცეფციის საფუძველზე მომზადდება პროექტი და გამოცხადდება მშენებლობის ტენდერი.

მინისტრმა, ასევე გააცნო მშობლებს სამინისტროს და მუნიციპალური ფონდის გადაწყვეტილება სკოლების პროექტების სტანდარტიზაციის შესახებ. მისი თქმით, შემუშავდება დაახლოებით ათამდე სტანდარტული პროექტი მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით და ამ პროექტების მიხედვით დაიწყება მშენებლობები. „ეს არის სკოლების მშენებლობის პროცესის დაჩქარების და გამარტივების მიზნით მიღებული გადაწყვეტილება,”- აღნიშნა მინისტრმა.

შეხვედრას ინფრასტრუქტურის მინისტრთან და ფონდთან ერთად ასევე ესწრებოდნენ 157-ე სკოლის დირექტორი ხვიჩა ჩალაბაშვილი და პარლამენტის წევრი ნიკოლოზ ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები