ქედის მერია: სახლი მდებარეობდა მეწყერსაშიშ ზონაში – ოჯახს დამატებით მიეწოდა გაფრთხილება მოსალოდნელი უამინდობისა და გაზრდილი საფრთხის შესახებ, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ისინი კვლავ აგრძელებდნენ საცხოვრებლად სახლის გამოყენებას
ქედის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მერიის ცნობით, აღნიშნული სახლი მდებარეობდა მეწყერსაშიშ ზონაში. ოჯახს მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთხელ მიეწოდა წერილობითი გაფრთხილება საცხოვრისის დატოვებისა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ.
“აღსანიშნავია, რომ რვა წევრიანი ოჯახი ჩართული იყო ,,სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში”.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, ოჯახს დამატებით მიეწოდა გაფრთხილება მოსალოდნელი უამინდობისა და გაზრდილი საფრთხის შესახებ, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ისინი კვლავ აგრძელებდნენ საცხოვრებლად სახლის გამოყენებას,”- წერია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, “მთავარის” ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში საცხოვრებელი სახლი დაინგრა. დაშავდა 2 ადამიანი – ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.