ირაკლი ღარიბაშვილი: C ჰეპატიტის მკურნალობა უფასო იქნება

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები იქნება აბსოლუტურად უფასო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, C ჰეპატიტის მკურნალობის ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ხელმიუწვდომელი იყო, თუმცა უახლოეს მომავალში ეს რეალობა შეიცვლება. პრემიერის განცხადებით, რამდენიმე დღეში საქართველოში შემოვა C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის პირველი პარტია, რომელიც ჯერ განსაკუთრებით მძიმე პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.
“ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის საერთოდ ხელმიუწვდომელი იყო ჯანდაცვა საქართველოში. ხშირად ოჯახები მკურნალობისთვის, მათ შორის C ჰეპატიტის ვირუსთან ბრძოლის დროს იძულებულები იყვნენ, აეღოთ სესხი ან სულაც გაეყიდათ საკუთარი სახლი, რაც ოჯახების გაღატაკებას იწვევდა. ამიტომაც ადამიანები მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავდნენ სამედიცინო დაწესეულებებს, რაც ხშირად დაგვიანებული იყო. დღეს ჩვენ ამ რეალობას ვცვლით. ჩვენი მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა უამრავ ადამიანს შეუმსუბუქა ყოფა და მოუხსნა ფინანსური ტვირთი. რაც შეეხება ც ჰეპატიტთან ბრძოლას, პროექტს ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი. პირველ ეტაპზე ჩვენ შევძელით, “ინტერფერონი” შეღავათიან ფასებში მიგვეწოდებინა პაციენტებისთვის, ხოლო უფასოდ გვემკურნალა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრებისთვის. საქართველოს მთავრობამ მილიონობით ლარი დახარჯა პატიმრების მკურნალობისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც მოხდება C ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდიალიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია.
პრემიერმა ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დავით სერგეენკოს და ჯანდაცვის სამინისტროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები