თამარ სანიკიძე – სირიაში ქართველების გადინების შესაჩერებლად ერთსულოვნებაა საჭირო

განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, იმისათვის, რომ სირიაში ქართველი ახალგაზრდების გადინება შეწყდეს, ერთსულოვნებაა საჭირო. პროცესის შესაჩერებლად არა მხოლოდ განათლების სამინისტრომ, არამედ სხვა უწყებებმაც უნდა იზრუნონ. ამასთან, სანიკიძემ ისიც დასძინა, რომ ყველაფრის მიუხედავად, სტატისტიკა ბოლო წლებთან შედარებით მაინც გაუმჯობესდა. “არის კონკრეტული მიდგომები, რომელსაც ისედაც ახორციელებს განათლების სამინისტრო, შესაბამისი ორგანოები. ნამდვილად დიდი დაკვირვება გვმართებს ამ კუთხით. სკოლები გაფრთხილებულები არიან.
იმ ახალგაზრდების შემთხვევაში, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს და საბრძოლველად წავიდნენ, ძალიან დიდი გამოკითხვის შემდეგაც გაჭირდა, რომ დადგენილიყო, თუკი იყო რაიმე სურვილისმაგვარი, მონდომება, ან მათ საქციელში თუ იყო რაიმე შეკითხვის გამჩენი. სამწუხაროდ, თავის დროზე ასეთი პრობლემის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სკოლის დონეზე სამუშაო. რა თქმა უნდა, ზოგადად, იდეოლოგიის დონეზე გარკვეული მიმართულებები მუშაობს, მაგრამ ეს არის ერთობლივი სამუშაო, როგორც განათლების სისტემის, ისე სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის პოლიციის მიერ. დღეისთვის ასეთი ქმედებები გარკვეულწილად შემცირებული და მინიმუმამდეა დაყვანილი. მე არ ვიცი, თქვენ ადრე თუ აშუქებდით და აკვირდებოდით ამ თემებს, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, პრესიდან ინფორმაცია წინა წლებში არ მიგვიღია. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ეს მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ამ კუთხით მუშაობა უნდა შევაჩეროთ, პირიქით, უნდა გავაძლიეროთ”, – განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები