თეა წულუკიანმა ნატანებში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას განაგრძობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ნატანებში მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და პროცესის მიმდინარეობა დაათვალიერა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი იმ სოფლების სახელმწიფო და კერძო სერვისებით უზრუნველყოფაა, რომლებიც საგრძნობლადაა დაშორებული რაიონული ცენტრებიდან. პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაა.
200-ზე მეტი მომსახურების მიღება სოფლიდან გაუსვლელად უკვე შეუძლია კაჭრეთის, ყვარელწყლის/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ხევის, მანგლისის, კოდას, შორაპნის, ნიგოეთის, ჭალადიდის, ჯვრის, ფოკას, ხიდისთავის, ნუკრიანისა და კორბოულის მოსახლეობას.
მალე საზოგადოებრივი ცენტრი კაზრეთსა და შილდაშიც გაიხსნება − იუსტიციის მინისტრმა აქ მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრები ცოტა ხნის წინ დაათვალიერა და ადგილობრივ მცხოვრებთაც გაესაუბრა, რომლებმაც საკუთარ სოფლებში 200-ზე მეტი სერვისის მიღების შესაძლებლობისათვის თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადეს. საზოგადოებრივი ცენტრების ინფრასტრუქტურის შექმნასა და პროგრამულ უზრუნველყოფას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ უზრუნველყოფს. პროექტში ევროკავშირი და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან ჩართულნი.