„სეზარი და დრანა“ – მონოსპექტაკლის პრემიერა გაიმართება

16 და 17 აპრილს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში მიმდინარე თეატრალურ სეზონზე რიგით მესამე პრემიერა გაიმართება. კანადელი თანამედროვე დრამატურგის იასმინა რეზას პიესაზე „სეზარი და დრანა“ რეჟისორმა რუსუდან კობიაშვილმა იმუშავა. „სეზარი და დრანა“ მონოსპექტაკლია და ბოშა ქალზე, დრანაზე მოგვითხრობს, რომელიც თავის ბებერ ცხენ სეზართან ერთად გზას მიუყვება და მას, ერთადერთ ახლობელ სულიერს ესაუბრება. დრანა ღონემიხდილ ცხენს უყვება ომითა და სხვა ჭირ–ვარამით სავსე ცხოვრების შესახებ, იხსენებს სიყვარულს, შვილებს… უსასრულო გზა, ურიკა, რომელსაც ბებერი ცხენი სეზარი ნელ–ნელა მიაგორებს. ეს ურიკა პატარა ბოშა ქალის მთელს ავლადიდებას იტევს.
დრანა განვლილი ცხოვრების შესახებ ისე ყვება, გეგონებათ, თავის ცხენს უამბობსო… ომსა და დევნაზე მოყოლილი ჩვეულებრივი, ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ისტორია კი თითქოს მთელი ერის ტრაგედიის ანარეკლია. დრანას როლს სპექტაკლში ლილი ხურითი თამაშობს, შემოქმედებითი ჯგუფიც მხოლოდ ქალებისგან შედგება. პიესა ფრანგულიდან ქეთი კანტალიანმა თარგმნა, ორიგინალური მუსიკა სპეციალურად სპექტაკლისთვის კომპოზიტორმა მაია გოქსაძემ შექმნა, სპექტაკლი დანიაში მოღვაწე მხატვარმა თამარ კობიაშვილმა გააფორმა. იზაბელ დორეს პირველი პიესა „სეზარი და დრანა“ ერთაქტიანი პიესების საერთაშორისო კონკურსისათვის „ვალანსის სცენა“ 1992 წელს დაიწერა და მომდევნო წელს ვალანსის თეატრშივე დაიდგა. 1995 წელს მსახიობმა ჟული ვენსანმა შექმნა პიესის რადიოვერსია, რომელიც ტოკიოს რადიოგადაცემათა საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესოდ დასახელდა. ამის შემდეგ პიესა ითარგმნა ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, სლოვენიურ, ჩეხურ და სხვ. ენებზე. ქართული თარგმანი, რომელიც ქეთი კვანტალიანს ეკუთვნის, შესულია 2005 წელს გამომცემლობა „საარის“ მიერ გამოქვეყნებულ კრებულში „თანამედროვე ფრანგული თეატრი“.
აქვე უნდა ითქვას, რომ თეატრთან ურთიერთობა იზაბელ დორემ მსახიობობით დაიწყო, ცნობილი „ფლორანის სკოლის“ დამთავრებისთანავე ბეტი პირსის როლი განასახიერა გახმაურებულ სპექტაკლში „სეილემის კუდიანები“, თუმცა „სეზარი და დრანას“ წარმატების შემდეგ, მსახიობობას თავი დაანება და პიესების წერას მიჰყო ხელი.
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები