X საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ – პრესკონფერენცია გაიმართება

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 16 აპრილიდან 21 მაისამდე გაიმართება რიგით მეათე საერთაშორისო ფესტივალი – „აღდგომიდან ამაღლებამდე“. ამ თემასთან დაკავშირებით, 15 აპრილს, 11:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში პრესკონფერენცია გაიმართება.

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 16 აპრილს, უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი სოპრანოს – ნინო მაჩაიძის კონცერტით გაიხსნება. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება „საქართველოს სოლიდარობის ფონდში“ ონკოლოგიური სენის მქონე ბავშვების დასახმარებლად.

თბილისში საფესტივალო კონცერტები ჩატარდება 16, 19, 20 აპრილს, ასევე -13, 15, 16, 17, 18, 19 მაისს კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში, ასევე რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში. საფესტივალო საღამოები თბილისის გარდა გაიმართება ჩოხატაურში, ბაღდათში, ხარაგაულსა და ბათუმში. ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე შესრულდება მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები, ქართული პროფესიული და ხალხური მუსიკა, ასევე შედგება ეთნოჯაზის საღამო. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ორი კონცერტი/მარათონი, რომელიც ალექსანდრე სკრიაბინის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია აშშ-ში მოღვაწე, ცნობილი ქართველი პიანისტი და პედაგოგი ალექსანდრე კორსანტია.

ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 2006 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და აკაკი რამიშვილის ფონდ „ტრადიცია და ინოვაციის“ მიერ დაფუძნდა. ფესტივალის პარტნიორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია, სააქციო საზოგადოება „თელასი“, მხარდამჭერი – კომპანია „სოკარი“.

ფესტივალის პარტნიორები ასევე არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი; საქართველოს ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური ცენტრი; თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“; რეგიონების მუნიციპალიტეტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები