გამოფენა – „ძველი და ახალი თუშეთი“ გაიხსნება

დღეს, 19:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ლილი მურთაზაშვილის პერსონალური გამოფენა „ძველი და ახალი თუშეთი“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თუშურ ფარდაგთა ნაირსახეობა, ასევე თუშური ყოფისა და წეს-ჩვეულებებისათვის დამახასიათებელი ნივთები: სადღვებელი, თუჯის ქვაბები, თუნგები, ხონჩები, ღვინის ჭურჭელი, მწყემსის აღჭურვილობა და სხვა. თუშეთი, ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და გამოყენებითი ხელოვნების მრავალფეროვნებით, საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა.
თუშურ ყოფაში ოდითგანვე დიდი ადგილი ეჭირა თუშურ ცხვარსა და მატყლს, მატყლისაგან დამზადებულ მხატვრულ ქსოვილთა შორის კი – თავისი კოლორიტით, ფერთა თავშეკავებული გამითა და განსაკუთრებული ორნამენტული წყობით – თუშურ ფარდაგს. მატყლის ხელით დამუშავებისა და ბუნებრივ სამკურნალო მცენარეებში ღებვის ტრადიცია ლილი მურთაზაშვილმა და მისმა მეგობრებმა გააგრძელეს. მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში, გაიმარჯვა ტრადიციული თუშური რეწვის შენარჩუნება-აღორძინების პროექტმა, რომელმაც ლილი მურთაზაშვილთან ერთად საერთო ინტერესით შვიდი ქალბატონი გააერთიანა. საქმიანობა პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა და დღესაც ისინი სკოლის მოსწავლეებს უსასყიდლოდ ასწავლიან თუშურ ხელსაქმეს. ამ ჯგუფის მიზანია თუშური ხელსაქმის, მატყლისა და ცხვრის ჯიშის პოპულარიზაცია. გამოფენა ეძღვნება ცხინვალში დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას. გამოფენა გაგრძელდება 21 აპრილამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები