ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა „ფრანგული სიზმარი“ გაიხსნება

15 აპრილს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მხატვრის ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა „ფრანგული სიზმარი“ გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილი 50-მდე ფერწერული ტილო. ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე მესამედ ტარდება. წინა წლებში წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ მისი შემოქმედების პირველ პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც, ძირითადად, საქართველოში შეიქმნა და მხატვარი მას პირობითად „ქართულ პერიოდს“ უწოდებს. წელს ის საფრანგეთში შექმნილ ახალ კოლექციას წარმოგვიდგენს და, როგორც თავად ამბობს, ამით დამთვალიერებელი ლევან მოსიაშვილის სრულიად განსხვავებულ შემოქმედებას და ხედვებს გაიცნობს. 20-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ლევან მოსიაშვილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 50-ზე მეტი პერსონალური გამოფენის ავტორი, არაერთი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია. მხატვარი აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფს და აქტიურად ეხმარება ბიბლიოთეკას უცხოეთში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვაში. უახლოეს მომავალში მხატვრის გამოფენები დაგეგმილია, როგორც საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, ისე სამხრეთ აფრიკასა და შვეიცარიაში.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლევან მოსიაშვილის ნამუშევრების გამოფენა 25 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები