თბილისური პრემიერიდან 130 წლისთავზე ოპერისა და ბალეტის თეატრი „კარმენს“ ამჯერად გრიბოედოვის თეატრში წარმოადგენს

ჟორჟ ბიზეს უკვდავი ოპერა „კარმენის“ პრემიერა 1875 წელს პარიზში Opera Comique-ის სცენაზე შედგა. თბილისის ოპერის თეატრში „კარმენი“ 1885 წელს დაიდგა და მას შემდეგ იგი ამ თეატრის რეპერტუარშია. თბილისური პრემიერიდან 130 წლისთავზე ოპერისა და ბალეტის თეატრი „კარმენს“ ამჯერად გრიბოედოვის თეატრში წარმოადგენს (თბილისში „კარმენი“ ბოლოს 1999 წელს შესრულდა). 15 და 24 აპრილს „კარმენი“ ნახევრად თეატრალური დადგმით შესრულდება. თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი ხელს უწყობს ახალგაზრდა მომღერლების ნიჭის წარმოჩენას და სპექტაკლში თეატრის წამყვან სოლისტებთან ერთად (თეა დემირუშვილი, ირინა ალექსიძე, არმაზ დარაშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ნიკოლოზ ლაგვილავა, მამუკა ლომიძე, ირინა თაბორიძე, მარიამ ქობალიანი), მონაწილეობას მიიღებენ როგორც სტაჟიორი მომღერლები (გოდერძი ჯანელიძე, ალუდა თოდუა, მარიამ ნაჭყებია, მარიამ როინიშვილი), ისე კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის სტუდენტები (ნატალია ქუთათელაძე, ნუცა ზაქაიძე, ალექსანდრე დეკანოიძე და სხვა) . სპეციალურად ამ სპექტაკლის მოსამზადებლად საფრანგეთიდან ჩამოსული იყო კონცერტმეისტერი ნინო ფავლენიშვილი (ნინო წლებია მოღვაწეობს საფრანგეთში კონცერტმეისტერად კნიპალის აკადემიაში, ასევე კონცერტმეისტერად მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე, მონაწილეობს კონცერტებში), რომელმაც იმუშავა მომღერლებთან არა მარტო მუსიკალური, არამედ ფრანგული ენის კუთხითაც, რათა კიდევ უფრო დაეხვეწა მომღერლების პარტიები. ბიზეს ოპერა „კარმენს“ უდირიჟორებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი, დირიჟორი დავით კინწურაშვილი. „კარმენს“ გრიბოედოვის თეატრში ლელა გვარიშვილი დგამს. აქ ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება მომღერლების თამაშსა და განათების ეფექტებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები