ლადო სადღობელაშვილი: კობა ხაბაზს სააკაშვილი სასჯელით დაემუქრა

 დაახლოებით ორი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა ხაბაზმა რამდენიმე სახლი იყიდა, – ამის შესახებ „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს. მისივე თქმით, ხაბაზმა 21 მარტის აქციისთვის პარტიის მიერ გამოყოფილი თანხებიც მიისაკუთრა, რის გამოც მას ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაემუქრა. „მას შემდეგ, რაც 21 მარტს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრული პოლიტიკური კრახი იწვნია, ორგანიზაცია “თავისუფალმა თაობამ’ აიღო მცირე, ერთგვარი „ტაიმ-აუტი“, რათა „ნაცებს“ და მასთან შეზრდილ ორგანიზაციებს მისცემოდათ დაფიქრების დრო, იმისათვის, რათა შეეწყვიტათ თავისი მოღალატეობრივი საქმიანობა. ამავე დროს, ბევრ სკეპტიკოსს და ვითომ “ჩვენიანს”, რომლებიც „ნაცებთან“ ბრძოლის ჩვენეულ მეთოდებს იწუნებდნენ, გვაკრიტიკებდნენ, მისცემოდათ საშუალება, დაენახათ, რომ “კუზიანს სამარე გაასწორებს”. ეს იყო ერთგვარი ტესტი. რას ვხედავთ დღეს? ჩვენ ვხედავთ მოღალატეობრივ, ნეოკომკავშირულ ორგანიზაციათა თარეშს, „ნაცების“ შავი სალაროდან დაფინანსებული “თავისუფალი ზონის”, “სამართლიანი თაობის”, “პიკასოს კლუბის” და სხვა ნეობოლშევიკური ორგანიზაციების პროვოკაციებს ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ჩვენი მცირე შესვენების პერიოდში ვირთხებივით გამოძვრნენ სოროებიდან საქართველოს მოღალატეები, ადამიანთა მწამებლები, ბიუჯეტის ქურდები და ყოველდღე ვხედავთ აქციებს, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს – არეულობას, დესტაბილიზაციას ქვეყანაში და ამ ფონზე სააკაშვილის მანიაკური სწრაფვის განხორციელებას. დღეს ისინი წითელ ბარათს გვიჩვენებენ, ხვალ კარვებს დადგამენ,ზეგ პროვოკაციას ჩაიდენენ, ხოლო საბოლოოდ “მოლოტოვის კოქტეილებით” შეიარაღებული ზონდერებიც გამოჩნდებიან რუსთაველის გამზირზე. სააკაშვილი და მისი ბანდა არ იშურებს ფულად სახსრებს, თავიანთი მარგინალურ-ექსტრემისტული დაჯგუფებების დასაფინანსებლად. ცნობისთვის, “თავისუფალი ზონის” ლიდერებს ხელფასის სახით ყოველთვიურად დანიშნული აქვთ 3000 ლარი, ხოლო ჩვეულებრივ აქტივისტებს – 1000-1500 ლარი. უდიდესი დაფინანსების თვალნათელი მაგალითია ერთ დროს “გაღლეტილი” ზონის ლიდერი, კობა ხაბაზი, რომელმაც დაახლოებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, რამდენიმე სახლი იყიდა, კერძოდ კი მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე, მშენებარე ბინაში. თანაც არა ერთი, არამედ 7 სახლი, რომელთაგანაც 4 გაფორმებულია თავის ძმაზე -ჯემალ ხაბაზზე, ხოლო 3 სახლი გაფორმებული იყო ცოლისძმაზე. მინდა ისიც გითხრათ, რომ „თავისუფალ ზონას “ დაშლამდე არაფერი უკლია. ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ „ზონის“ ბაზაზე უამრავი პატარა არასამთავრობო ჩამოაყალიბეს. უნახავ ხაბაზს ისიც მოუხერხებია, რომ 21 მარტისთვის “ნაცმოძრაობიდან” გამოყოფილი თანხები მიუსაკუთრებია, რის გამოც ხაბაზს სასჯელით თვით სააკაშვილიც კი დამუქრებია. მოკლედ კობას “ნაციონალების” ბაღში მოყვანილი ვარდები დაუჭკნა. ამჟამად საქართველოს მოღალატეები გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან, ჩვენი ვალია, წინ აღვუდგეთ და ჩანასახშივე მოვსპოთ სააკაშვილის მზაკვრული გეგმა, ფულზე გაყიდულ მანქურთებს საკადრისი პასუხი გავცეთ. თუ დროზე არ შევაჩერეთ ისინი, მაშინ მათ მიერ განხორციელებული მკვლელობები მასობრივ ხასიათს მიიღებს. სწორედ ამ მიზნით “თავისუფალი თაობა” იწყებს თავისი უკომპრომისო ბრძოლის მეორე და გადამწყვეტ ეტაპს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრების საბოლოო პოლიტიკური განადგურებით დასრულდება, დამნაშავეების ადგილი საპყრობილეშია და არა – პარლამენტსა თუ პოლიტიკურ პარტიაში. ყველა პატრიოტულ და სამართლიან ძალას ვიწვევთ სათანამშრომლოდ, ხოლო თეთრხელთათმანიან პოლიტიკურ იმპოტენტებს, რომლებიც ფასადურად ებრძვიან „ნაცმოძრაობას“, ხოლო ჩვენი კრიტიკით მათ საქმეს ასრულებენ ერთ რამეს ვურჩევთ, თუ ხელს არ შეგვიწყობთ, ხელსაც ნუ შეგვიშლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენც იგივე პოლიტიკურ სანაგვეში აღმოჩნდებით, სადაც „ნაცმოძრაობის“ ადგილია. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ სამართლიან ბრძოლაში!“, – აცხადებს სადღობელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები