დავით ნარმანიამ საკრებულოში ტენდერებზე ისაუბრა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, საკრებულოში მერიის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ტენდერების შესახებ ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში ტენდერები ქალაქის ინტერესების სრული უგულებელყოფით იყო გამოცხადებული.

„არ იყო გათვალისწინებული მონიტორინგი, ასევე არ იყო გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების გარანტიები. პირობები მორგებული იყო კონკრეტულ, წინასწარ შერჩეულ და შეთანხმებულ ფირმებზე და კონკურენციის შესაძლებლობა დაყვანილი იყო მინიმუმამდე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერის თქმით, ელექტრონული ტენდერები ატარებდა ფორმალურ ხასიათს. უმეტეს შემთხვევაში იმარჯვებდნენ წინასწარ შერჩეული ფირმები და ტენდერში გამარჯვებულებისგან არ იყო მოთხოვნილი შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკის ეტაპებად დაყოფა, რაც, დავით ნარმანიას განცხადებით, სამუშაოების გახანგრძლივებას იწვევდა. თბილისის მერის განცხადებით, მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ 2014 წლის აგვისტოში შეაჩერა არაკვალიფიციურად გამოცხადებული ტენდერები და გადაგეგმა ისინი ქალაქის ინტერესებისა და სატენდერო პროცედურების სრული დაცვით, ასევე აღმოიფხვრა კორუფციული სატენდერო ხრიკები, აუცილებელი გახდა შესრულების მონიტორინგი და გარანტიები. გარდა ამისა, ჩაიდო კონკურენციის წამახალისებელი პირობები. „გამოცხადდა ახალი, მეტი რაოდენობის ტენდერი და შედეგად მივიღეთ მეტი შესრულებული სამუშაო, გაცილებით უფრო მაღალი ხარისხით და მნიშვნელოვანი ეკონომიით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები